06 ოქტომბერი 2024,   20:55
ვრცლად
პირველი ჰუმანიტარული ტვირთი ღაზაში და გათავისუფლებული ამერიკელი ტყვეები - როგორ შეცვლის ვითარებას სამშვიდობო სამიტიდან მსოფლიო ლიდერების გზავნილები

ადამიანი, რომელიც "ჰამასის" ხელით სიკვდილს გადაურჩა - 17 წლის ნატალისა და 59 წლის ჯუდის მონათხრობს მთელი მსოფლიო დაელოდება. "ჰამასმა" აშშ-ის ორი მოქალაქე გაათავისუფლა. ერთ-ერთი პირველი, ვინც მათ ტელეფონით ესაუბრა, აშშ-ის პრეზიდენტი იყო.

პირველი ტყვეების დახსნა კატარის ძალისხმევას მიეწერა. ქვეყანამ "ჰამასზე" ზეწოლის ბერკეტები მას შემდეგ აამუშავა, რაც დოჰაზე საკუთარი ბერკეტები აშშ-მ მოსინჯა. რეგიონში ბლინკენის ვიზიტს პირველი შედეგი მოჰყვა, თუმცა 210 ტყვე ჯერ კიდევ ტერორისტების ხელშია.

კიდევ ერთი კარგი ამბავი მსოფლიომ რაფაჰის საზღვრიდან გაიგო, საიდანაც დღეს ღაზაში პირველი ჰუმანიტარული ტვირთი შევიდა. მედიკამენტებით, საკვებითა და წყლით დატვირთული 20 სატვირთო, უკვე მერამდენე დღეა, ეგვიპტის საზღვართან დგას და გზას ელოდებოდა. 2 მილიონი პალესტინელისთვის ეს ზღვაში წვეთია, თუმცა პრეცედენტი უკვე შედგა, რაც უკეთესის იმედს იძლევა.

ეგვიპტე დღეს ყურადღების ცენტრში სხვა კუთხითაც მოექცა. პრეზიდენტმა ალ-სისიმ მშვიდობის სამიტზე კაიროში მთელი მსოფლიო შეკრიბა, რათა კონფლიქტის დეესკალაციის გზები მოენახათ. თუმცა, დიპლომატიური გარღვევის მოლოდინი არავის ჰქონია, რადგან თავად ისრაელი და "ჰამასი" სამიტს არ დასწრებიან, ისინი ერთმანეთთან ცეცხლის გაცვლით იყვნენ დაკავებულები. დისკუსიას არ ესწრებოდნენ არც საკვანძო მოთამაშეები - როგორიცაა აშშ და "ჰესბოლასა" და "ჰამასის" მთავარ დამფინანსებლად წოდებული ირანი. გზავნილებში ჩანდა, რომ არაბული სამყარო უფრო მეტად ისრაელის, დასავლური კი მეტად "ჰამასის" პასუხისმგებლობის საკითხს აყენებდა. თუმცა ყველა თანხმდებოდა, რომ პალესტინის სახელმწიფოს ფორმირების გარეშე, ათწლეულების პრობლემა ვერ მოგვარდება.

მშვიდობის სამიტის მთავარი მოთხოვნა ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტა და სამშვიდობო პროცესის დაწყებაა, თუმცა, სამხედრო მოქმედებების ფონზე, ამის წარმოდგენა რთულია. მითუმეტეს, რომ ისრაელი სახმელეთო ოპერაციის დასაწყებად განკარგულების მოლოდინშია, "ჰამასი" და მისი პარტნიორი "ჰესბოლა" კი ისრაელის მისამართით სარაკეტო იერიშებს, მე-15, დღეა არ წყვეტენ.

დღის ამბები