აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს აგზავნის - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან საკითხის დეტალური განხილვის შემდეგ მიიღეს. გარდა ამისა, შეერთებულ შტატებს რეგიონში განლაგებისთვის მზადყოფნაზე დამატებითი ჯარები გადაჰყავს.
"ეს ნაბიჯები გააძლიერებს რეგიონული შეკავების ძალისხმევას, გაზრდის აშშ-ის ძალების დაცვას რეგიონში და დაეხმარება ისრაელს თავდაცვაში“, - აღნიშნა ოსტინმა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბოლო კვირების განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში მნიშვნელოვანი სამხედრო-საზღვაო ძალები გაგზავნა, მათ შორის ორი ავიამზიდი, მათი დამხმარე გემები და დაახლოებით 2 000 საზღვაო ქვეითი.