06 ოქტომბერი 2024,   20:59
ვრცლად
Times of Israel: ისრაელი მოსახლეობის ევაკუაციას ლიბანის საზღვართან ახლომდებარე კიდევ 14 დასახლებიდან გეგმავს

ისრაელი მოსახლეობის ევაკუაციას ლიბანის საზღვართან ახლომდებარე კიდევ 14 დასახლებიდან გეგმავს - ინფორმაციას ამის შესახებ Times of Israel, ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება ბოლო ორი კვირის განმავლობაში "ჰესბოლას" მხრიდან ისრაელის ტერიტორიის გახშირებული სარაკეტო თავდასხმების ფონზე მიიღეს.

სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, დამასკოსა და ალეპოს აეროპორტებზე გამთენიისას საჰაერო თავდასხმები განხორციელდა. შედეგად, დამასკოს აეროპორტის ერთი თანამშრომელი დაიღუპა და ერთი დაშავდა. დაზიანდა და მწყობრიდან გამოვიდა ორივე აეროპორტის ასაფრენი ბილიკები და საჰაერო მიმოსვლამ დროებით ქალაქ ლატაკიაში გადაინაცვლა. ამასთან დაკავშირებით, ისრაელის თავდაცვის ძალებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ანკლავში დაღუპულთა რიცხვი 4 651-მდე გაიზარდა. 

ახლა ვითარება განსაკუთრებით იძაბება ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში ლიბანიდან სამხრეთით საზღვართან, სადაც ცოტა ხნის გავრცელებული კადრების მიხედვით, ქალაქებს კვლავ ასდის კვამლი და მორიგ სარაკეტო იერიშებს ჰქონდა ადგილი.

"ჰესბოლა" ირანის მიერ მხარდაჭერილი ორგანიზაციაა, რომელიც საკმაოდ დიდ სამხედრო ძალას წარმოადგენს და ირანის თანამონაწილეობით, ისრაელის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. ერთ-ერთი მოსაზრებით, სწორედ ამ საკითხს უკავშირდება დღეს სირიის აეროპორტებზე განხორციელებული თავდასხმებიც.

რაც შეეხება ჰუმანიტარულ საკითხს, ღაზაში მდგომარეობა ყოველდღიურად მწვავდება, მოსახლეობა ალყაშია. მათთვის კვლავ ძალაშია მთავარი რეკომენდაცია, რომ ჩრდილოეთი უნდა დატოვონ და სამხრეთით გადაინაცვლონ. მათ გარშემო სრულად არის განლაგებული ისრაელის თავდაცვის ძალები, რომლებიც სახმელეთო ოპერაციის დასაწყებად შემდეგი ბრძანებისთვის ემზადებიან.

კრიზისი მძიმდება, რაც მედიის მიერ ადგილზე გადაღებულ კადრებში ჩანს. ადამიანები პურისა და წყლის რიგებში დგანან, ამბობენ, რომ რესურსები იწურება და ადგილზე ადამიანები შიმშილითაც იხოცებიან.

"გათენებიდან აქ პურის საცხობის კართან ვდგავართ, მხოლოდ ღმერთმა იცის როგორ ვიტანჯებით. თუ ასე კიდევ 2-3 დღე გაგრძელდა, ეს იქნება კატასტროფა ღაზის სექტორში, რომელსაც ვერავინ გაუძლებს. ბავშვები შიმშილობენ. ერთი შეკვრა პური სამი დღის განმავლობაში 4 ოჯახს უნდა ეყოს, თითქმის 30 ადამიანს. დილით რომ ვიღვიძებთ ვიწყებთ სიარულს ქუჩებში და ვეძებთ წყალს, ვცდილობთ 2 ბოთლი წყალი მაინც ვიშოვოთ, წყალზეც რიგებია. მდგომარეობა ტრაგიკულია. ჩვენ ვთხოვთ ყველა ქვეყანას და ერს, შემოგვხედონ ცოტა ადამიანურად. ღაზის ბავშვები იღუპებიან საჰაერო დარტყმების გამო, არიან ჩვილები, რომლებიც შიმშილით იღუპებიან. მათ გადასარჩენად საშველი არ ჩანს," - აცხადებს ადგილობრივი.

დღის ამბები