16 სექტემბერი 2024,   23:00
ვრცლად
ისრაელის ინფორმაციით, "ჰამასი" ჩრდილოეთ ღაზაზე კონტროლს კარგავს - მთავარი სამიზნე მიწისქვეშა საიდუმლო გვირაბებია, რომელსაც ტერორისტული დაჯგუფება წლების განმავლობაში ამზადებდა

ღაზის სექტორი უკვე 2 კვირაზე მეტია სრულ ბლოკადაშია, ისრაელს 51 კილომეტრიან საზღვარზე 100 000-ობით ჯარისკაცი ჰყავს გამაგრებული. ისრაელის თავდაცვის ინფორმაციით, ისინი სახმელეთო შეტევისთვის სრულ მზადყოფნაში არიან. მანამდე კი ისრაელი ბომბავს ღაზის სექტორის ჩრდილოეთს! გვიან ღამით ისრაელის თავდაცვის ძალებმა "ჰამასის" ათობით ობიექტი გაანადგურეს, ლიკვიდირებულია „ნუხბას" ქვედანაყოფის ორი წევრი. ისრაელის თავდაცვის ინფორმაციით, "ჰამასი" ჩრდილოეთ ღაზაზე კონტროლს კარგავს.

ეს არის ღაზის სექტორის ჩრდილოეთი, სადაც ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასის" შტაბი მდებარეობს. მიწის ზევით ფაქტობრივად ყველა სტრატეგიული ობიექტი განადგურებულია, თუმცა ისრაელისთვის მთავარი პრობლემა მიწისქვეშა გვირაბებია. ეს არის საიდუმლო მიწისქვეშეთის ქსელი, რომელსაც "ჰამასი" წლების განმავლობაში ამზადებდა და, რომელსაც ისრაელის წინააღმდეგ იყენებდა. სავარაუდოდ სწორედ აქ იმყოფებიან "ჰამასის" ლიდერები. ასევე ტყვეები, რომლებიც 7 ოქტომბერს გაიტაცეს ისრაელის ტერიტორიიდან.

ღაზის სექტორი არ არის ერთადერთი მხარე, სადაც ისრაელს ბრძოლა უწევს. ისრაელი აცხადებს, რომ ტერორისტული საფრთხე, ფაქტობრივად ყველა მხრიდანაა. რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელმა იერიში მიიტანა ქალაქ ჯენინში მდებარე მეჩეთზე. პალესტინური მხარე ამბობს, რომ ამ იერიშის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ისრაელში აცხადებენ, რომ იერიშის განხორციელების მიზანი გარდაუვალი ტერორისტული თავდასხმის აღკვეთა იყო, რადგან მათივე თქმით, სწორედ ამ მეჩეთის მიწისქვეშა სამეთაურო ცენტრიდან იგეგმებოდა ისრაელის წინააღმდეგ ტერაქტი.

ვითარება უკიდურესად იძაბება ისრაელის ჩრდილოეთით. ლიბანის საზღვართან მდებარე დასახლებებიდან მოქალაქეების ევაკუაციის გეგმას აფართოებენ და არეალს ზრდიან. საუბარია ლიბანის საზღვართან ახლომდებარე კიდევ 14 დასახლებაზე. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით შეტევები გახშირდა. "ჰამასის" თავდასხმის შემდეგ, ისრაელის ტერიტორიაზე ლიბანიდან რამდენიმე შეტევა განხორციელდა - ნაწილზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ჰეზბოლამ" აიღო, ხოლო ნაწილში ისრაელმა "ჰეზბოლა" თავად დაადანაშაულა და საპასუხო ცეცხლი გახსნა.

ისრაელ-ლიბანის საზღვართან დღეს ისრაელის პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუ იმყოფებოდა და ჯარისკაცებს შეხვდა. მისი თქმით, თუ "ჰეზბოლა" გადაწყვეტს ომში შესვლას, მას ლიბანის მეორე ომი მოენატრება. "ჩვენ დავარტყამთ მას ისეთი ძალით, რომ ვერც კი წარმოიდგენს და ეს მისთვის და ლიბანის სახელმწიფოსთვის გამანადგურებელი იქნება" - აცხადებს ნეთანიაჰუ.

ვითარება დაძაბულია სირიის მიმართულებითაც, ანუ ისრაელის ჩრდილო-აღმოსავლეთით. სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, 22 ოქტომბრის დილის 5:25 საათზე, ისრაელმა განახორციელა "საჰაერო აგრესია ლატაკიის დასავლეთით ხმელთაშუა ზღვისა და გოლანის მიმართულებებიდან დამასკოსა და ალეპოს საერთაშორისო აეროპორტებისკენ". დაზიანდა და მწყობრიდან გამოვიდა ორივე აეროპორტის ასაფრენი ბილიკები და საჰაერო მიმოსვლამ დროებით ქალაქ ლატაკიაში გადაინაცვლა.

სამხედრო ექსპერტების შეფასებით, შესაძლოა სცენარი ისე განვითარდეს, რომ ისრაელს ერთდროულად ოთხ ფრონტზე მოუწიოს ბრძოლა, არა მხოლოდ ღაზაში, არამედ ჩრდილოეთში "ჰეზბოლასთან", ჩრდილო-აღმოსავლეთში გოლანის სიმაღლეებზე სირიასთან და დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელებთან.

დღის ამბები