ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ, საქართველოში, მედიკამენტების ხელმისაწვდომობისთვის გატარებული რეფორმები ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად დაასახელა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 73-ე სესიაზე, ჰანს კლუგემ აღნიშნა, რომ საქართველოში განხორციელებულმა სისტემურმა რეფორმებმა - ფასების რეგულირებამ და რეფერენტული ფასების განსაზღვრამ - ონკოლოგიური წამლების ღირებულების 45%-ით შემცირების შესაძლებლობა შექმნა. ცვლილებები კი სახელმწიფოსთვის, ორჯერ მეტი მედიკამენტის შესყიდვის საშუალებას იძლევა.
კლუგემ სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზურაბ აზარაშვილთან ფარმაცევტულ სექტორში განხორციელებული რეფორმები განიხილა. ყაზახეთში მიმდინარე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 73-ე სესია 26 ოქტომბერს დასრულდება.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველო აცნობიერებს მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც წლების განმავლობაში, გლობალური ჯანდაცვის განვითარების მიმართულებითაა მიღწეული, რასაც ცხადყოფს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მტკიცე ნება, მიაღწიოს ჯანმრთელობის საყოველთაო დაფარვას და ხელი შეუწყოს თითოეული ადამიანის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას.
"ბოლო ორი წლის განმავლობაში, მთავრობამ მნიშვნელოვნად გაზარდა დაფინანსება, რათა მიაღწიოს მომსახურების სრულ და ყოვლისმომცველ დაფარვას იმ ადამიანებისთვის, ვისაც ესაჭიროება სარეაბილიტაციო სერვისები, ასევე - ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისთვის. მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა ქრონიკული დაავადებებისა და კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების გასაუმჯობესებლად. მნიშვნელოვანი ინიციატივები ხორციელდება წინა ხაზზე მყოფი პროვაიდერების მოტივაციის გასაუმჯობესებლად და კომპეტენციის ზრდისთვის, პაციენტების მოვლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. საქართველო აცნობიერებს მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც მიღწეულ იქნა წლების განმავლობაში, გლობალური ჯანდაცვის განვითარების მიმართულებით, რასაც ცხადყოფს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მტკიცე ნება, მიაღწიოს ჯანმრთელობის საყოველთაო დაფარვას და ხელი შეუწყოს თითოეული ადამიანის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.