06 ოქტომბერი 2024,   20:51
ვრცლად
საუკუნის პროექტი, კომფორტული და უსაფრთხო გადადგილება, შემცირებული მანძილი და დაზოგილი დრო - რიკოთის უღელტეხილზე 27-კილომეტრიანი ახალი საგზაო მონაკვეთი გაიხსნა 

რიკოთის უღელტეხილზე 27-კილომეტრიანი ახალი საგზაო მონაკვეთი დღეს პრემიერ- მინისტრმა გახსნა. ირაკლი ღარიბაშვილმა აქცენტი ქვეყნის განვითარებასა და პროგრესზე გააკეთა. პრემიერმა ქვეყანაში არსებულ ისტორიულ და მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

რიკოთის მაგისტრალის 4-ზოლიანი მონაკვეთი ხარაგაულის სოფელ ხევთან იწყება და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაბა შორაპანთან მთავრდება. გზა მანძილს 8 კილომეტრით, ხოლო გადაადგილების დროს 25 წუთით ამცირებს. ხევი-შორაპნის მონაკვეთი 65 ხიდსა და 38 გვირაბს მოიცავს, სწორედ ამ ტერიტორიაზეა განთავსებული ქვეყნის მასშტაბით ყველაზე გრძელი ხიდი და გვირაბი. ხიდის სიგრძე 1362 მეტრის აღწევს, გვირაბის სიგრძე კი 1640 მეტრია.

ახალი გზა ქვეყნის აღმოსავლეთითა და დასავლეთით უკვე აშენებული ჩქაროსნული მაგისტრალის მონაკვეთებს აკავშირებს. გზის გახსნის ღონისძიებაზე ინფრასტრუქტურის მინისტრმა, საგზაო უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტზე გააკეთა აქცენტი. თქვა, რომ პროექტი, რომელიც რთულ რელიეფზე მასშტაბური საინჟინრო გადაწყვეტებით მიმდინარეობს, უპრეცედენტოა.

საპროექტო გუნდს გვირაბების, ხიდების, საგზაო უსაფრთხოების სპეციალისტები წარმოადგენდნენ. პროექტზე საავტომობილო გზების ინჟინრები, გეოლოგები, გეოტექნიკოსები, გარემოს დაცვისა და საგზაო უსაფრთხოების სპეციალისტები მუშაობდნენ.

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროცედურებით ჩატარებულ ღია ტენდერში გამარჯვებული 4 სხვადასხვა ჩინური კომპანია ასრულებს, ზედამხედველობას კი საფრანგეთიდან, ავსტრალიიდან, თურქეთიდან, კორეიდან, ათობით წლის გამოცდილების მქონე საერთაშორისო კომპანიები უწევენ. აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის განვითარება რომ ქვეყნის სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობას გააძლიერებს, ამაზე ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენელი და ევროკავშირის ელჩიც საუბრობს.

საუკუნის პროექტი - ასე აფასებენ რიკოთზე მიმდინარე სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკში. მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი კი ეკონომიკის ზრდაში, სატრანსპორტო პროექტების როლზე საუბრობს.

ამ კონკრეტულ მონაკვეთზე აშენებულია რიკოთის მთელი პროექტით გათვალისწინებული გვირაბების 75 და ხიდების 67 პროცენტი. უღელტეხილზე, ახალი - 27 კილომეტრიანი მონაკვეთის გახსნასთან დაკავშირებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტშიც საუბრობენ.

რიკოთის მონაკვეთზე მაგისტრალის მშენებლობა 2024 წელს მთლიანად დასრულდება. უღელტეხილზე დარჩენილ რამდენიმე კილომეტრზე აქტიური ინფრასტრუქტურული სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

დღის ამბები