ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტზე ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, თამარ გაბუნიას ელოდებიან. დეპუტატები მას წამლებზე რეფერენტული ფასების დადგენასთან დაკავშირებული რეფორმის მიმდინარეობის შესახებ მოისმენენ.
კომიტეტის თავმჯდომარე პროცესს პოზიტიურად აფასებს და აცხადებს, რომ ცვლილება 2300-ს მედიკამენტს შეეხო. მისივე განმარტებით, იგეგმება მედიკამენტების სიის გაზრდა.
შეგახსენებთ, პირველ ეტაპზე, ხელმისაწვდომი გახდა თურქეთიდან იმპორტირებული იაფი და ხარისხიანი მედიკამენტები, რის შედეგადაც, წამლები დაახლოებით 45%-ით გაიაფდა.
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ქვეყანაში რეფერენტული ფასები წარმატებული გამოდგა.
"წარმატებული არის რეფერენტული ფასები. ჯერ კიდევ შარშან გაიხსნა თურქეთის ბაზარი, რამაც ხელი შეუწყო ჩვენს ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების გაცილებით იაფ ფასში შემოტანას, რაც ნათლად იგრძნო მოქალაქეებმა, ჯერ ქრონიკული მედიკამენტების დაფინანსებაში, შემდეგ იყო რეფერენტული ფასები, რომელიც თავიდან რამდენიმე ასეულ მედიკამენტზე იყო დღეს უკვე 2300 მედიკამენტია მოცული და სულ მალე კიდევ დაემატება ამ სიას", - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.