19 აგვისტო 2026,   00:26
ვრცლად
რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე მრავალმილიონიანი პროექტების შეფერხების გამო სასამართლოში უჩივის საკრებულოს, სადაც უმრავლესობა გახარია-„ნაცმოძრაობის“ კოალიციას აქვს

რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე  საკრებულოს საინვესტიციო პროექტების თვეობით, ხელოვნურ შეჩერებაში სდებს ბრალს და სასამართლოში უჩივის. საკრებულოში უმრავლესობა  გიორგი გახარიას პარტიასა და "ნაციონალური მოძრაობას" ჰყავს.

ლაცაბიძე აცხადებს, რომ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებიდან დღემდე, რუსთავის მერი მმართველი გუნდიდან და საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობა ქალაქისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ამჟამინდელი საკრებულო მუშობას შეუდგა, რუსთავის მერია, ქალაქის განვითარებისთვის საჭირო პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების პარალელურად, სისტემატურად იბრძვის იმისთვის, რომ საკრებულოს უმრავლესობაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ და პარტია „საქართველოსთვის“ წევრების მავნებლური უმოქმედობის რეჟიმიდან გამოყვანა შეძლოს და საკრებულოს თავისი ფუნქცია დაუბრუნოს.

რუსთაველები დღეს კარგად ხედავენ ქალაქში მიმდინარე პროცესებს და 2024 წელი, პრემიერის, მთავრობისა და საპარლამენტო გუნდით, იქნება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისა და რეფორმების მიმართულებით. ამ ფონზე, არის საშიშროება, რომ ვიწროპოლიტიკურ მიზნებს გადაყოლილი, ფუნქციადაკარგული საკრებულო სერიოზულ ზიანს მოუტანს ჩვენს ქალაქს. რუსთავის მერიის არაერთი მცდელობა, საჯარო მიმართვა, წერილობითი მოთხოვნა ამაო აღმოჩნდა პოლიტიკური დაჯგუფების მიმართ და რუსთავის საკრებულოს უმრავლესობაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობა“ და „საქართველოსთვის“ კოალიცია და უფრო დაჯგუფებას ვუწოდებდი, საკრებულოს რეგლამენტის უხეში დარღვევით აფერხებს, თვეობით აჩერებს კომისიიდან საკრებულოს სხდომაზე არ გადააქვს, არ იხილავს და დაუსაბუთებლად უკან აბრუნებს ქალაქისთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის ახალი ინვესტიციების შემოსვლა. ამ საკითხებზე რუსთავის გუნდი მუშაობს თვეობით. რუსთაველების ინტერესების დასაცავად და იმისთვის, რომ საკრებულოს ოპოზიციურმა კოალიციამ თავისი მოვალეობის შესრულება ორი წლისთავზე მაინც დაიწყოს, იძულებული გავხდით, მიგვემართა სასამართლოსთვის.

როცა ქალაქში რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა ხელოვნურად ფერხდება, როდესაც რუსთაველების ინტერესები ილახება და ქალაქის განვითარება გამიზნულად ეშლება ხელი, ვალდებულები ვართ, ყველა ის კანონიერი ბერკეტი, რომელიც კანონის ფარგლებში მოიყვანს და დააბრუნებს რუსთავის საკრებულოში მყოფ ორ პარტიას, რომლებიც ქალაქის წინააღმდეგ ქმნიან ხელოვნურ ბარიერებს. სარჩელი ქალაქის სასამართლოში 27 ოქტომბერს შევიტანეთ “, - აღნიშნა ნინო ლაცაბიძემ.

დღის ამბები