21 სექტემბერი 2024,   21:59
ვრცლად
ლევან დავითაშვილი, გუდაურში, ზამთრის სათხილამურო სეზონისთვის მიმდინარე სამზადისს გაეცნო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი, გუდაურში, 2023-2024 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონისთვის მიმდინარე სამზადისს გაეცნო. მინისტრმა ორი ახალი საბაგირო კომპლექსი დაათვალიერა, რომელთა მშენებლობასაც ახალ გუდაურში ავსტრიულ-შვეიცარიული კომპანია "დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფი" ახორციელებს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გუდაურში სახელმწიფოს მიერ მიმდინარე წელს განხორციელებული ახალი ინვესტიციები, რომლებიც მთლიანად განაახლებს გუდაურის კურორტს და მას განვითარების ახალ შესაძლებლობებს მისცემს. უმოკლეს დროში, ფაქტობრივად, 5-6 თვის განმავლობაში, შევძელით ორი ახალი საბაგირო გზის აშენება, რომელიც უკვე მიმდინარე წლის სეზონისთვის გაიხსნება და ჩვენი ვიზიტორები, ტურისტები, სათხილამურო სპორტის მოყვარულები იხილავენ განახლებულ ინფრასტრუქტურას," - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, განახლებული, თანამედროვე ინფრასტრუქტურის დასრულების შემდეგ, გუდაური მსოფლიოს წამყვან სათხილამურო კურორტებს შორის ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს.

"რა თქმა უნდა, ეს თანხვედრაშია არსებული კურორტების განვითარების გეგმასთან. გვაქვს გუდაურის გენგეგმა, რომელიც საბოლოოდ ითვალისწინებს 17 000-მდე მოთხილამურის ერთდროულად მომსახურებას დღე-ღამის განმავლობაში, ზუსტად ამ გეგმას მივყვებით ინფრასტრუქტურის განვითარებით. გასულ წლებში, ასევე ინტენსიური მუშაობა გვქონდა ბაკურიანის მიმართულებით, იქაც მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა ახალი სათხილამურო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, რომელიც კურორტს გრძელვადიანი პერიოდის განმავლობაში მოემსახურება და მიმზიდველს გახდის, თუმცა, გუდაურის მიმართულებით, არ გვქონდა ასეთი მნიშვნელოვანი სამუშაოები გასულ წელს, მაგრამ წელს დაიგეგმა და ხორციელდება ახალი საბაგირო გზების მშენებლობა," - აღნიშნა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, სამუშაოები ამით არ სრულდება და გუდაურში ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო განვითარება მომავალ წლებშიც გაგრძელდება. მისივე შეფასებით, თანამედროვე ინფრასტრუქტურით გუდაური მსოფლიოს წამყვან სათხილამურო კურორტებს შორის ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს.

ლევან დავითაშვილთან ერთად, გუდაურში, სათხილამურო სეზონისთვის მიმდინარე სამზადისს გაეცნო მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი.

 

დღის ამბები