19 სექტემბერი 2024,   05:01
ვრცლად
ომის 27-ე დღე ახლო აღმოსავლეთში - ისრაელის არმიამ ლტოლვილთა ბანაკი უკვე მეორედ დაბომბა

ახლო აღმოსავლეთში ომის 27-ე დღეა. ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში აფეთქებები ისევ ფიქსირდება. ისრაელის არმიამ უკვე მეორედ დაბომბა ლტოლვილთა ბანაკი. ამჯერად, დაიღუპა 80 ადამიანი, ბოლო ორი დღის განმავლობაში, განხორციელებული იერიშისას, ბანაკში ჯამში - 195. დაშავებულია 777 და დაკარგულად ითვლება 120. ამ ინფორმაციას "ჰამასის" მიერ მართული მედიასაშუალებები ავრცელებენ.

ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, ისინი ბანაკში "ჰამასის" მებრძოლებს უმიზნებდნენ, რა დროსაც გაანეიტრალეს დაჯგუფების ერთ-ერთი მეთაური - მუჰამედ ასარი. ოფიციალური ისრაელის ინფორმაციით, სამხედროებმა ჩრდილოეთით "ჰამასის" თავდაცვის წინა ხაზი გაარღვიეს.

ასევე, იერიში მიიტანეს სამხრეთ ლიბანში "ჰეზბოლას" სამხედრო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების გამშვებსა და შეიარაღებული პირების უბანზე.

ირანის მიერ მხარდაჭერილი იემენის ჰუსიტები აცხადებენ, რომ ისრაელის მიმართულებით რამდენიმე სამიზნეზე დრონები გაუშვეს. ასევე აღნიშნეს, რომ ისინი განაგრძობენ სამხედრო ოპერაციებს პალესტინელი ხალხის მხარდასაჭერად.

რაც შეეხება ჰუმანიტარულ დახმარებას, დღეს ღაზის სექტორში კიდევ 61 სატვირთო შევიდა. დახმარება მოიცავს საკვებს, წყალსა და მედიკამენტებს.

შეგახსენებთ, რომ ღაზაში "რაფაჰის" გადასასვლელი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და დაშავებულთათვის ომის დაწყებიდან პირველად გაიხსნა, რის შემდეგაც ეგვიპტეში 400-ზე მეტი ადამიანი გადავიდა, მათ შორის, 360-ზე მეტი უცხოური პასპორტის მფლობელი, ხოლო 70-ზე მეტი ღაზის დაშავებული მოქალაქეა. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, გადასასვლელის გახსნა "ინტენსიური და სწრაფი დიპლომატიის" შედეგია.

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ანკლავში, დაღუპულთა რაოდენობამ 8 700-ს გადააჭარბა.

დღის ამბები