16 სექტემბერი 2024,   23:02
ვრცლად
გიგა ოთხოზორია, დავით ბაშარული, არჩილ ტატუნაშვილი, თამაზ გინტური და რუსი ოკუპანტების მოკლული კიდევ ათეულობით ადამიანი - ოკუპაციის მსხვერპლი საქართველოს მოქალაქეები

მმართველმა გუნდმა ოპოზიციას დღეს 2009-11 წლებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომხდარი კონკრეტული ფაქტები შეახსენა - დაჭრა, წამება, მკვლელობა. "ქართული ოცნების" წარმომადგენელთა თქმით, რუსი ოკუპანტების მხრიდან საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილი მძიმე დანაშაულები, წინა ხელისუფლების დროს რეაგირების გარეშე რჩებოდა, არც გამოძიება იწყებოდა და ფაქტები სათანადოდ არც კი შუქდებოდა. უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ ამ ფონზე, მათ ოპონენტებს მოქმედი ხელისუფლების კრიტიკის მორალური უფლება არ აქვთ.

2010 წელს სასტიკად ნაცემი ბესიკ ანჯაფარიძის მკვლელობაზე სისხლის სამართლის საქმე მხოლოდ 2023 წლის აგვისტოში აღიძრა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენის მიზნით, საქმეზე - "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ". ამავე საქმის ფარგლებში დაიწყო გამოძიება 2011 წელს გალში, საკუთარი საცხოვრებლიდან გატაცებული ნიკა ჯონჯუას წამებით სიკვდილზეც. სამართლებრივი რეაგირების გარეშე დარჩა ამავე პერიოდში ოკუპანტების მხრიდან ჩადენილი არაერთი დანაშაული, მათ შორის 2011 წლის 18 მაისს საჩხერის მუნიციპალიტეტის მიმდებარედ მომხდარი ფაქტი, როდესაც ცეცხლი გაუხსნეს სოფელ ჭალოვანში მცხოვრებ 5 ახალგაზრდას. საქმე არ აღძრულა არც 2009 წელს ოკუპირებულ გალში ზურაბ ბოხუას დაჭრის შემთხვევაში.

რატომ არ მოჰყვა შესაბამისი სამართლებრივი პასუხი გასულ წლებში ოკუპანტების მხრიდან ადამიანის უფლებათა დარღვევის და ხელყოფის მძიმე ფაქტებს? - ოპოზიციის ნაწილი ოკუპაციის პრობლემასთან მიმართებაში მაინც მოქმედი მთავრობის პასუხისმგებლობაზე მიუთითებს, თუმცა წინა ხელისუფლების შეცდომებსაც აღიარებს, განსხვავებით მათგან, რომლებიც თავად წარმოადგენდნენ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობას.

უმრავლესობაში ამბობენ, რომ ოპონენტებისგან ორმაგი სტანდარტი აღარ უკვირთ. ამბობენ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც კიდევ ერთხელ გამოჩნდა, ვინ მანიპულირებს ტრაგედიით პოლიტიკური მიზნებისთვის და ვინ ებრძვის რეალურად ოკუპაციას.

რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სარჩელში, რომელიც საქართველომ სტრასბურგში 2018 წელს შეიტანა, საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლთა არაერთი გახმაურებული საქმე მოხვდა, მათ შორის დავით ბაშარულის მკვლელობა, რომელიც ოკუპირებულ ახალგორში 2014 წლის 4 ივნისს გაიტაცეს. 2016 წელს მოკლული 30 წლის გიგა ოთხოზორიას საქმე, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით ე.წ. მესაზღვრემ, რაშიდ კანჯი ოღლიმ მოკლა. ქართულმა მხარემ რაშიდ კანჯი ოღლი, გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და დაუსწრებლად 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა. საქართველომ კანჯი ოღლი საერთაშორისო ძებნილად გამოაცხადა. საერთაშორისო საქმის მასალებში მოხვდა 2018 წელს, არჩილ ტატუნაშვილის წამების და მკვლელობის ფაქტიც. მაშინ საქართველოს პარლამენტმა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ რეზოლუციაც დაამტკიცა. სიაში 33 პირია შეყვანილი, რომლებმაც 1991 წლიდან დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ სხვადასხვა დანაშაული ჩაიდინეს

დღის ამბები