18 ოქტომბერი 2024,   09:20
ვრცლად
ტერორისტების ლიკვიდაცია, მათი გვირაბების აფეთქება და დიდი ოდენობით იარაღის ამოღება - "ცაჰალის" კიდევ ერთი ოპერაცია ღაზის სექტორში

მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ისრაელის საჰაერო იერიშები ღაზის წინააღმდეგ, როგორც ჩრდილოეთით, ისე - სექტორის სამხრეთში, ქალაქ ხან იუნისთან. ისრაელმა განაცხადა, რომ 10-საათიანი ბრძოლის შემდეგ, ქალაქ ჯაბალიასთან "ჰამასის" ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი პოზიცია აიღო. ღაზის ჯანდაცვის სამსახურების ინფორმაციით, ღამის იერიშებს 6 ადამიანი ემსხვერპლა.

"ცაჰალმა" არაერთხელ გაავრცელა კადრები, როგორ მალავს "ჰამასი" შეიარაღებასა და რაკეტების გამშვებს მეჩეთებში, ეს კი ისრაელის არმიის მიერ "ჰამასის" გვირაბების აფეთქება და სამშენებლო ტექნიკით მიწასთან გასწორების პროცესია.

ისრაელმა რეიდები ღაზის სხვადასხვა ქალაქში გააგრძელა, მათ შორის - სექტორის ჩრდილოეთ, ქალაქ ჯენინში. მოქალაქეები ჰყვებიან, რომ მძიმე სამშენებლო ტექნიკა შუაღამის შემდეგ შეიყვანეს და შენობები მიწასთან გაასწორეს.

საევაკუაციო დერეფანი, რომლითაც ღაზის მოსახლეობა ჩრდილოეთს ტოვებს, მეხუთე დღეა, გახსნილია. ქალაქ ღაზის რაიონები დღეს კიდევ ათობით ათასმა პალესტინელმა დატოვა. ისრაელი ამბობს, რომ "ჰამასი" სექტორის ჩრდილოეთზე კონტროლს კარგავს.

ისრაელმა ტყვედ აყვანილი "ჰამასის" მებრძოლების დაკითხვის ვიდეო გაავრცელა. მათი უმეტესობა დაჯგუფება "იზ ადდინ ალ ქასამის" წევრია. ისინი ჰყვებიან, თუ როგორ მიიღეს მეთაურებისგან დავალება ხალხის გატაცებაზე. ასევე ამბობენ, რომ ბრძოლებში გამოყენებული მანქანები, რომელთა ბაზა ალ ჰაშაშინის ბანაკშია, სამოქალაქო სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მანქანების მსგავსია, რათა მათზე ისრაელის არმიამ იერიში არ მიიტანოს.

პალესტინის ინფორმაციით, ისრაელის საპასუხო იერიშების დროს დაღუპულთა რიცხვმა 10500-ს გადააჭარბა. მათ შორის 4300 ბავშვია.

დღის ამბები