ისრაელის პრემიერი აცხადებს, რომ შესაძლოა, დაჯგუფება "ჰამასმა" მძევლები გაათავისუფლოს. კითხვაზე - იცის თუ არა მისმა დაზვერვამ, სად არიან ტყვეები, ნეთანიაჰუ პასუხობს, რომ დაზვერვამ იცის ძალიან ბევრი.
ისრაელი "ჰამასთან" მოლაპარაკებას ოთხმოცი ქალისა და ბავშვის გათავისუფლების შესახებ ცდილობს. პარალელურად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საგანგაშო განცხადებას ავრცელებს. "ალ-შიფა" და "ალ-ქუდსი" - ღაზის სექტორის ორი უმსხვილესი ჰოსპიტალი დაიხურა. ასევე, საუბარია ღაზის სექტორში სხვა საავადმყოფოების სრულ კოლაფსზე, რასაც ადამიანების, მათ შორის ჩვილი ბავშვების სიკვდილი მოჰყვება.
ამ დრომდე, "ალ-შიფას" ტერიტორიაზე რჩება, სულ მცირე, 2 300 ადამიანი. ჰოსპიტალი ალყაშია, რის გამოც მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია შეუძლებელია. ისრაელის სამხედრო უწყება მზადაა, ათობით ახალშობილი სხვა საავადმყოფოში გადაიყვანოს.
ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ისრაელს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს, რაც დიპლომატის თქმით, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.