პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ირაკლი ზარქუას განცხადებით, იუსტიციის მინისტრისგან პატიმარს სააკაშვილის საკითხი აინტერესებს.
მისი თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესებულია და აინტერესებს როდის დააბრუნებენ მას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც სხვა პატიმრები იხდიან სასჯელს.
"მნიშვნელოვანი იქნება პატიმარ სააკაშვილის სიტუაცია, როდემდე უნდა იყოს იქ. მე ვიცი, რომ ის გამომჯობინდა და უკვე პოლიტიკაშია ჩართული. ქართულად ალაპარაკდა, გახსოვთ ერთი პერიოდი უკრაინულად გველაპარაკებოდა. ახლა უკვე მაინტერესებს რით განსხვავდება ის სხვა პატიმრებისგან, რატომ უნდა იყოს იქ თუ ადეკვატურობასთან არის უკვე, თუ ჯანმრთელობა გაუმჯობესდა, წონაში მოიმატა, კითხვა იქნება, როდის უნდა დაუბრუნდეს იმ ლოკაციას, სადაც დანარჩენი პატიმრები იხდიან სასჯელს მძიმე დანაშაულისთვის, როგორიც არის პატიმარი სააკაშვილი", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, კარგი ტრადიციაა, როდესაც მინისტრები ინტენსიურად მიდიან პარლამენტში და პარლამენტს აწვდიან დაწვრილებით ინფორმაციას სამინისტროიებში მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებზე.
"კარგი ტრადიციაა, როდესაც მინისტრები საკმაოდ ინტენსიურად მონაწილეობენ პარლამენტში დისკუსიებში, პარლამენტს აწვდიან ინფორმაციას და ამ თვალსაზრისით განსაკუთრებულია ყურადღება იმ სამინისტროს მიმართ, როგორიც გახლავთ იუსტიციის სამინისტრო. რა საკვირველია, ეს არის ერთი-ერთი მთავარი რგოლი, სადაც იბადება რეფორმები, სადაც ხორციელდება რეფორმები და ჩვენი ინტერესის საგანი იქნება, სწორედ ის როგორ შეგვიძლია სამომავლოდ, ერთობლივად ვიმუშაოთ ქვეყნის პროგრესისთვის. როგორ შეგვიძლია რაც შეიძლება სწრაფი, ეფექტიანი ნაბიჯები გადაიდგას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობისთვის", - განაცხადა სარჯველაძემ.