15 ნოემბერი 2024,   22:17
ვრცლად
ნივთის სროლით დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება საკანონმდებლო ორგანოში - ვინ როგორ იხსენებს პარლამენტში მომხდარი ინციდენტის დეტალებს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ სხდომათა დარბაზში მომხდარი ინციდენტის დეტალებზე დღეს ისაუბრა. სარჯველაძე ჰყვება, რომ დარბაზში შელაპარაკება ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან შეურაცხყოფით დაიწყო და სწორედ ამას მოჰყვა ლევან მგალობლიშვილის რეაქციაც.

"ქართული ოცნების" დეპუტატის განცხადებით, მომხდარის ქრონოლოგია ასეთია - ქალი დეპუტატების მხრიდან შეურაცხმყოფელ რეპლიკებს მოყვა მგალობლიშვილის პასუხი, რის შემდეგაც ანა წითლიძემ დეპუტატის მისამართით კონკრეტული ნივთი ისროლა. მხოლოდ ამის შემდეგ მოიქნია მიკროფონი უმრავლესობის წევრმა. მიხეილ სარჯველაძე, რომელიც ინციდენტს თავად შეესწრო, ამბობს, რომ ოპოზიციამ პროვოკაცია მოაწყო.

ანა წითლიძეს და თინა ბოკუჩავას დღეს მედიასთან კომენტარი აღარ გაუკეთებიათ, მომხდარის საკუთარ ვერსიაზე მათ გუშინ ისაუბრეს. "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, დავით ხაჯიშვილი კი, რომელიც ინციდენტის მონაწილეც იყო, საკუთარი კოლეგების მხრიდან დაპირისპირების პროვოცირებას უარყოფს. კადრებში ჩანს, თუმცა ხაჯიშვილი იმასაც უარყოფს, რომ წითლიძემ მგალობლიშვილის მისამართით კონკრეტული ნივთი ისროლა.

ის, რაც "ნაციონალური მოძრაობისთვის" მხოლოდ პოლიტიკური შეფასებებია, ოპონენტების შეურაცხყოფად აღიქმება სხვა პარტიების მხრიდან. მაგალითად "გირჩის" შეფასებით, მომხდარ დაპირისპირებაში ორივე მხარე თანაბრად დამნაშავეა.

"ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ ოპოზიცია ცდილობს, დაპირისპირება გენდერულ ჭრილში გადაიყვანოს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით, ამაზე მიანიშნებს ისიც, რომ პოლიტიკურ დაპირისპირებაში ბოლო პერიოდში ქალი დეპუტატები აქტიურობენ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და "ქართული ოცნების" დეპუტატს შორის დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როდესაც პარლამენტში იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრობდა. რატი ბრეგაძეს გამოსვლა, თინა ბოკუჩავამ შეაწყვეტინა.

დღის ამბები