15 ნოემბერი 2024,   21:54
ვრცლად
"ბატონი მოწმე უბრალოდ ცრუობს" - ივერი მელაშვილის ადვოკატი ზურაბ ნოღაიდელის ჩვენებაზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. დავით გარეჯის საქმეზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის დაკითხვა მხარეებმა შეაფასეს. ერთ-ერთი ბრალდებულის, ივერი მელაშვილის ადვოკატის, გიორგი მშვენიერაძის შეფასებით, ზურაბ ნოღაიდელი ცრუობს, რადგან ის თავისი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, საკითხით არ დაინტერესებულა.

"ბატონი მოწმე უბრალოდ ცრუობს, იმიტომ, რომ ის არასდროს დაინტერესებულა ჩიჩხიტურთან, უდაბნოსთან ან სხვა მონასტრებთან დაკავშირებით. არც კი ჩაუხედავს, როგორ მიმდინარეობს დელიმიტაციის პროცესი, როდესაც იყო პრემიერ-მინისტრი. არც არავინ დაუბარებია, არც არავისზე არაფერი უკითხავს. ახლა საუბარი, რომ ის პოსტფაქტუმ, 15 წლის შემდეგ დაინტერესდებოდა ამ საკითხით, ცოტა რბილად რომ ვთქვათ არადამაჯერებელია," - აღნიშნა მშვენიერაძემ.

რაც შეეხება საქმის პროკურორს, მისი თქმით, როგორც ზურაბ ნოღაიდელის ჩვენება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მისი სიტყვებიდან ირკვევა, რომ დავით გარეჯის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის და მთლიანად, სასაზღვრო ზოლის საკითხები იმჟამინდელი პრეზიდენტის ექსკლუზიური კომპეტენცია იყო.

"ორი მოცემულობაა, ერთი, საკანონმდებლო რეგულაცია, რომელზეც მოწმემ ცალსახად განაცხადა, რომ ეს პრეზიდენტის უფლებამოსილება იყო, კომისიის მარეგულირებელ ბრძანებაშიც, რომლის ავტორიც საქართველოს პრეზიდენტი იყო, ეს მითითებულია. შესაბამისად, ეს არის მოცემულობა, რომელსაც ვერ გავექცევით. მეორე, მოწმემ დაადასტურა, ფაქტი პრეზიდენტთან შეთანხმებული იქნებოდა, რადგან გარეჯთან დაკავშირებული საკითხი განიხილებოდა," - აღნიშნა მიხეილ სადრაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. დავით გარეჯის საქმეზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის დაკითხვა დასრულდა. ის მხარეების კითხვებს პასუხობდა. 2005-2007 წლებში, ნოღაიდელი პრემიერ-მინისტრი და უშიშროების საბჭოს წევრი იყო. როგორც სასამართლო პროცესზე ჩვენების მიცემისას ნოღაიდელმა განაცხადა, სასაზღვრო ზოლთან დაკავშირებული საკითხები პრეზიდენტის კომპეტენციაში შედიოდა და საბჭოს სხდომებსაც ის იწვევდა.

დღის ამბები