პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკომისიის მიერ წარმოდგენილ 9 ნაბიჯს საქართველოს მთავრობა ისეთივე წარმატებით შეასრულებს, როგორც 12 რეკომენდაციას.
მისი თქმით, ხელისუფლება გააგრძელებს მუშაობას ზუსტად ისევე, როგორც მუშაობდა წელიწადნახევრის განმავლობაში.
"რა თქმა უნდა, ისევე წარმატებულად განახორციელებს საქართველოს მთავრობა ამ 9 ნაბიჯს, როგორც 12 რეკომენდაციას. ეს უკვე გამოცდილებაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ. გადახედეთ წელიწადნახევრის განმავლობაში რა პროცესი იყო. იყო ხელისუფლება, რომელიც სამუშაო ჯგუფების, პარლამენტის კომიტეტების, სხვადასხვა ფორმატში მუშაობდა, მათ შორის ევროკომისიასთან მუდმივი დიალოგის რეჟიმში და სწორედ ამიტომ მივაღწიეთ წარმატებას.
გვყავდა ოპოზიცია, რომელმაც ბოიკოტი გამოუცხადა სამუშაო ჯგუფებს, კენჭისყრებში არ იღებდა მონაწილეობას, პარალელურ პროცესებს იწყებდა. ბოლოს გამოჩნდა და ღიადაც თქვეს, რომ ყველანაირად ცდილობდნენ, ჩაეშალათ კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ჩირქს სცხებდნენ საკუთარ ქვეყანას, შესციცინებდნენ უკრაინისა და მოლდოვის მიღწევებს და თავის ქვეყანას მაჩანჩალად მოიხსენიებდნენ.
ხელისუფლება გააგრძელებს მუშაობას ზუსტად ისევე, როგორც მუშაობდა წელიწადნახევრის განმავლობაში. ეს იქნება პროცესი, რომელიც ყველასთვის არის ღია და ყველას, ვისაც უნდა ქვეყნის წინსვლა, შეუძლია მონაწილეობა მიიღოს. სამწუხაროდ, ოპოზიციის მხრიდან ჩვენ დიდი მოლოდინი არ გვაქვს, რომ კონსტრუქციული გახდებიან," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.