არასერიოზული და ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი - ასე აფასებს მმართველი გუნდი "ლელოს" ინიციატივას. პარტიამ პარლამენტში საქართველოს დაცვის აქტი შეიტანა. დოკუმენტი მოიცავს 9-პუნქტიან გეგმას, რომელიც საქართველოში რუსების შემოსვლას ზღუდავს. "ლელო" სანქციების აუცილებლობაზეც საუბრობს.
"ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ "ლელოს" რეზოლუცია ღიმილისმომგვრელია, რადგან რუსულ საქმეს თავად ეს პარტია აკეთებს.
მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ტურისტის არჩამოსვლით და საქართველოში ნაწარმოები პროდუქტის რუსეთში არგატანით, ისევ და ისევ ქვეყანა და გლეხი ზარალდება.
“ჩვენ არ და ვერ ვუერთდებით სანქციებს, ისევ და ისევ, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ისევ და ისევ ვიცავთ მოსახლეობის ეროვნულ ინტერესებს და ყოველთვის გვექნება ეს დამოკიდებულება. ისეთ შემთხვევებში, რომელიც შეიძლება პრობლემა იყოს და საერთაშორისო დონეზე გარკვეულ საფრთხეებს წარმოადგენდეს, თუნდაც სანქცირებულ კომპანიებთან თანამშრომლობა და ა.შ. რა თქმა უნდა, აქ ყველანაირად ვთანამშრომლობთ და მადლობებიც კი მიიღო საქართველოს ხელისუფლებამ ამასთან დაკავშირებით და ეს მომავალშიც გაგრძელდება.
მაგრამ, ტურისტი არ ჩამოვიდეს საქართველოში და ფული არ დახარჯოს, ქართული საქართველოში ნაწარმოები პროდუქტი შევზღუდოთ და არ გავიტანოთ თუნდაც რუსულ ბაზარზე, რატომ უნდა შეიზღუდოს ეს ყველაფერი? ვის ვზღუდავთ ამით, საკუთარ თავს ვიზღუდავთ და ისევ გლეხს ვაყენებთ მძიმე მდგომარეობაში, ხომ?
ესეც გათვლილი არის მიზანმიმართულად, სპეციალურად აკეთებენ ამას - უნდათ, როგორმე, ქვეყანა ეკონომიკურად დააზიანონ,“ - აცხადებს კახა კალაძე.