09 ივლისი 2024,   02:21
ვრცლად
მძევლების გათავისუფლების მოლოდინი - გატაცებულთა ოჯახის წევრები "ჰამასის" გადაწყვეტილებას ელოდებიან

ვის გაათავისუფლებს ტერორისტული ორგანიზაცია, ეს ჯერჯერობით არავინ იცის. გატაცებულთა ოჯახის წევრები ელოდებიან, რომ სიაში მათთვის ძვირფასი ადამიანები მოხვდებიან.

ისრაელის მთავრობის და "ჰამასის" შეთანხმებით გატაცებულთა და დაზარალებულთა ოჯახის წევრების ნაწილი უკმაყოფილა. შიშობენ რომ განთავისუფლებულებს შორის მათი ახლობლები არ იქნებიან

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ძალაში ხვალ, დილის 10 საათიდან შევა. მძიმე შეთანხმებამდე ისრაელის მთავრობის წევრები თითქმის 8 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ.

საბოლოოდ, ეგვიპტის, შეერთებული შტატების და კატარის შუამავლობით მიღებულ დოკუმენტში წერია, რომ გატაცებული 50 ქალი და ბავშვი 4 დღის განმავლობაში გათავისუფლდება. ამ პერიოდში იმოქმედებს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. ყოველი მომდევნო 10 მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ ისრაელი მზად არის ცეცხლი, დამატებით 24 საათით შეაჩეროს.

ისრაელის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არაფერია ნათქვამი "ჰამასის" მოთხოვნაზე საპატიმროდან 150 ქალის და არასრულწლოვანის გათავისუფლების შესახებ. მაგრამ, იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე 300 მსჯავრდებული პალესტინელის სახელი და გვარი გამოქვეყნდა. ვარაუდობენ, რომ ეს ტყვეთა გაცვლის კიდევ ერთი ეტაპისთვის მზადებაა.

მედიის ინფორმაციით, ისრაელის მთავრობა ყოველ საღამოს მიიღებს იმ ადამიანების სიას, რომელთა გათავისუფლებაც მომავალ დღეს იგეგმა. პროცესში ჩართული იქნება წითელი ჯვარი, რომელიც მძევლების გადაყვანას უზრუნველყოფს. საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს დანარჩენი ტყვეების ნახვის და მათთვის მედიკამენტების მიწოდების საშუალება ექნებათ.

შეთანხმების თანახმად ცეცხლის შეწყვეტის თითოეულ დღეს, ღაზაში 4 ბენზინმზიდი და ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 200 ავტომობილი შევა.

ამის მიუხედავად ორმხრივი ცეცხლი ჯერჯერობით, არ წყდება. "რკინის გუმბათი" ღაზის ტერიტორიიდან ქალაქების და კიბუცების მისამართით გაშვებულ რაკეტებს აგდებს. ისრაელის თავდაცვის ძალები კი სექტორში სახმელეთო ოპერაციას განაგრძობენ.

 

დღის ამბები