09 ივლისი 2024,   01:56
ვრცლად
ისრაელსა და "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კატარის შუამავლობით მოხერხდა - დღეს იგეგმება 50-მდე მძევლის გათავისულება

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გაცვლის შესახებ შეთანხმება კატარის შუამავლობით მოხერხდა. უკვე ცნობილია, რომ დროებითი ზავი ქვეყნებს შორის დღეს ადგილობრივი დროით დილის შვიდ საათზე ამოქმედდება, მძევლების ნაწილის გაცვლა კი დღის მეორე ნახევარში დაიწყება.

დღეს ისრაელი 39 პალესტინელს გაათავისუფლებს, "ჰამასი" კი 13 ტყვეს. საერთო ჯამში ჰამასი ღაზიდან 50 მძევალს, ხოლო ისრაელი 150 პალესტინელ პატიმარს გაუშვებს.

ღაზის სექტორში დაშვებული დახმარების ზრდა ასევე შეთანხმების ნაწილს წარმოადგენს. ოთხდღიანი პაუზის დროს ანკლავში ყოველდღიურად ჰუმანიტარული დახმარების 200 სატვირთო შევა, პაუზის დროს მოსალოდნელია ღაზაში 130 000 ლიტრი საწვავის შეტანაც.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის თქმით, ხანმოკლე ზავის შემდეგ ინტენსიური ბრძოლა გამარჯვების ბოლომდე მისაყვანად ისევ გაგრძელდება. მან სამხედროებს მოკლე შესვენების დროს იარაღის მიწოდების ორგანიზება და ბრძოლისთვის მომზადება დაავალა.

მანამდე, გასული 24 საათის განმავლობაში, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის გარკვეული დაპირისპირებები ისევ გრძელდებოდა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ალ-შიფას საავადმყოფოს დირექტორი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულია რამდენიმე ექიმიც.

ისრაელის ძალები კვლავ ამტკიცებენ, რომ ღაზის უდიდესი ჰოსპიტალი „ჰამასის“ სამეთაურო ცენტრად გამოიყენება.

დღის ამბები