15 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
რეზოლუცია იქნება განხილული, ამას აქვს თავის პროცედურა - მიხეილ სარჯველაძე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე თეონა აქუბარდიას პასუხობს

ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე გამოეხმაურა. დეპუტატმა გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით ევროპარლამენტში მიღებული რეზოლუციის პარლამენტში განსახილველად, დღის წესრიგში ჩასმა მოითხოვა.

"ეს რეზოლუცია მიიღო ევროპარლამენტმა ისე, რომ საქართველოს პარლამენტს სამწუხაროდ არაფერი მოუმოქმედებია. თქვენ იცით, რომ ამ რეზოლუციის პროექტის განხილვა დაევალა ადამიანთა უფლებების კომიტეტს. საკითხი თქვენზეა დაწერილი და დღის წესრიგში ამ დრომდე არ არის, მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან უხერხულია, როდესაც საქართველოს პარლამენტი ამის განხილვაზე უარს ამბობს," - აცხადებს თეონა აქუბარდია.

თეონა აქუბარდიას მიხეილ სარჯველაძემ უპასუხა. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, აქუბარდიას ამ საკითხზე დამატებითი კონსულტაციები არავისთან გაუვლია. სარჯველაძემ განმარტა, რომ რეზოლუციის განხილვაზე უარს არავინ ამბობს და საკითხის განხილვას პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაცია, ასევე სხვა კომიტეტების ჩართულობა სჭირდება.

"თქვენ, სამწუხაროდ, როდესაც ამას აინიცირებდით, არ გქონიათ არც სურვილი, არც გადაწყვეტილება, რომ ვინმესთან ამაზე წინასწარ კონსულტაციები გაგემართათ, რაც კარგი იქნებოდა, მერწმუნეთ. მათ შორის, ტექსტობრივად რომ გაგვევლო ტექსტი და შესაბამისად, ასე მიგვეღო. ამიტომ, ახლა, როდესაც თქვენ არ შეიწუხეთ თავი ვინმესთან ამაზე გესაუბრათ და ისე დააინიცირეთ და ახლა ვინმეს საყვედურს ეუბნებით, თითქოს უარს ამბობს ვინმე ამის განხილვაზე, მე მგონი, ამის არც საფუძველი გაქვთ, არც უფლება. ეს ნიშნავს იმას, რომ არასწორია ახლა ბრალდებების წამოყენება. ეს რეზოლუცია იქნება განხილული, რა თქმა უნდა, ამას აქვს თავის პროცედურა," - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები