16 სექტემბერი 2024,   22:54
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკურ ფორუმზე - რა როლი აქვს საქართველოს შუა დერეფნის პროექტში და კიდევ რაზე ისაუბრეს ქვეყნების ლიდერებმა

ქვეყანაში და რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფა რომ ეკონომიკური განვითარების წინაპირობაა, ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკურ ფორუმზე, სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. ფორუმზე, საქართველოს მთავრობის მეთაურმა, რომელიც საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული, ბოლო პერიოდში ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლასა და ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელობაზე გააკეტა აქცენტი.

ჩინეთისა და ევროკავშირის მსგავსად საქართველო სავაჭრო ურთიერთობებს აღრმავებს აზერბაიჯანთან და ცენტრალური აზიის ქვეყნებთანაც. ამ კუთხით არსებული პოზიტიური დინამიკა რიცხვებში ასე გამოისახება - გასულ წელს აზერბაიჯანთან სავაჭრო ბრუნვა 16 პროცენტით გაიზარდა. წელს, 10 თვეში ასევე 16 პროცენტით არის გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა და მილიარდ 230 მლნ დოლარი შეადგინა. ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანასთან კი, სავაჭრო ბრუნვა შარშან 50 პროცენტით გაიზარდა. 2023 წლის 10 თვის მონაცემებით, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ეს მაჩვენებელი 150 პროცენტით არის გაზრდილი და მილიარდ 400 მლნ დოლარი გახდა.

საქართველო პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ენერგორესურსების ტრანზიტის კუთხით საიმედო პარტნიორია. ღარიბაშვილის განმარტებით, მთავრობა ახლა ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაზე მუშაობს, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი. რკინიგზის მოდერნიზება და მომდევნო წელს, მისი დასრულების შემდეგ გამტარუნარიანობის 48 მილიონ ტონამდე გაზრდა. აზერბაიჯანთან ერთად ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მშენებლობა. აღმოსავლეთ დასავლეთის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალი და აეროპორტი, რომელსაც საავიაციო ტრანზიტული ცენტრის პოტენციალი ექნება.

SPECA-ს დაარსებიდან 25 წელი გავიდა. საიუბილეო ფორუმი ბაქოში აზერბაიჯანის თავმჯდომარეობით გაიმართა. მის დაწყებამდე კი ილჰამ ალიევმა „განჯელიკის“ სამთავრობო რეზიდენციაში ირაკლი ღარიბაშვილს უმასპინძლა. პირველმა პირებმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს ორი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან, კეთილმეზობლურ, მეგობრულ ურთიერთობებზე და საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებული მნიშვნელოვანი პროექტები განიხილეს: შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივები, რკინიგზის მოდერნიზაცია, პორტების - გზების მშენებლობა; აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი, რაც პრემიერ ღარიბაშვილის თქმით, ორი ქვეყნის სატრანსპორტო პოტენციალს მნიშვნელოვნად გააძლიერებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სამხრეთ კავკასიის მწვანე ენერგეტიკული რესურსების, ევროკავშირის ბაზრისთვის მისაწოდებლად მასშტაბური პროექტის − შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის − განვითარების საკითხზე. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს მსოფლიოში და რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხები. ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანი სომხეთთან ძალიან მალე გააფორმებს სამშვიდობო შეთანხმებას.

 

დღის ამბები