09 ივლისი 2024,   02:30
ვრცლად
"ჰამასის" ტყვეობიდან გათავისუფლებული ყოველი 10 მძევლის სანაცვლოდ, ისრაელი მზად არის, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დამატებით 24 საათით გაახანგრძლივოს

შეთანხმების ახალი დეტალები საზოგადოებისთვის, დღის ბოლოს გახდა ცნობილი. მძევლები "წითელი ჯვრის" საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს გადასცეს, რის შემდეგაც, მათზე პასუხისმგებლობა ეგვიპტის მთავრობამ აიღო. 49 დღიან ტყვეობაში მყოფი პირები, მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ არიან. პროცესს მონიტორინგს მედიატორი ქვეყანა - კატარი უწევს.

"ჰამასის" ტყვეობიდან გათავისუფლებული ყოველი 10 მძევლის სანაცვლოდ, ისრაელის ხელისუფლება მზად არის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დამატებით 24 საათით გაახანგრძლივოს. ტერორისტული ორგანიზაციის პოზიცია, ამ წინადადებასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით უცნობია. დღეს, გათავისუფლებული მძევლების დასახვედრად კი, ისრაელის მთავრობა დილიდან ემზადებოდა. მზადყოფნაში მოიყვანეს 4 ვერტმფრენი. სპეციალური სივრცე, სადაც ყოფილ ტყვეებს პირველადი მოხმარების ნივთები გადაეცემათ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბავშვებისთვის მოწყობილ ოთახებს.

ისრაელის მთავრობამ, დილიდან იზრუნა შეთანხმების პირობებით გათვალისწინებულ საკუთარ მოვალეობებზეც. 39 პალესტინელი მსჯავრდებული, ისრაელის პენიტენციური დაწესებულების დასატოვებლად, მზად უკვე დღის მეორე ნახევარში იყო.

ცეცხლის შეწყვეტის 4 დღიანი რეჟიმი ძალაში დღეს, ადგილობრივი დროით 7 საათზე შევიდა. ღაზის მოქალაქეებმა, ქუჩაში გადაადგილება დაბრკოლებების და შიშის გარეშე დაიწყეს. ისრაელის თავდაცვის ძალების კუთვნილმა ტანკებმა კი ტერიტორიის დატოვება დაიწყეს. უკვე 9 საათისთვის ზონაში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული მანქანები გამოჩნდა. მედიკამენტების და პროდუქტების გარდა, ღაზაში 130 000 ლიტრ საწვავს შეიტანენ.

"ჰამასი", ისრაელს დღეში 13 მძევალს გადასცემს. ისრაელის საპყრობილეს კი 24 საათში ერთხელ, 39 მსჯავრდებული დატოვებს. გატაცებულების-პატიმრებზე გაცვლა ეგვიპტის ტერიტორიაზე, რაფახის გამშვებ პუნქტზე მოხდება. პროცესში "ჰამასის" წინააღმდეგობის მიუხედავად, "წითელი ჯვარი" მაინც მონაწილეობს.

დღის ამბები