ბათუმში 8 ბალიანი შტორმია. ზღვამ სანაპირო ზოლი და ინფრასტრუქტურა დააზიანა. დაზიანებულია საფეხმავლო გზა და ველობილიკი. შტორმის შედეგად გამოტანილმა ქვიშის მასამ ბულვარის პირველი ზოლი დაფარა.
ამ წუთებში ადგილზე სამუშაოები მიმდინარეობს. მძიმე ტექნიკა ზღვაში შემავალ სანიაღვრე ჭებს ასუფთავებს.
უხვი ნალექისა და შტორმის შედეგად ბათუმის სანაპირო ზოლზე შექმილ მდგომარეობას თორნიკე რიჟვაძე ადგილზე გაეცნო. აჭარის მთავრობის მეთაურის განცხადებით, პრობლემის აღმოსაფხვრელად ადგილზე უკვე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები.
"უხვი ნალექისა და უამინდობის შედეგად ბათუმის სანაპირო ზოლზე დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. მობილიზებულია მერიის და საგანგებო სიტუაციების შესაბამისი სამსახურები. მინდა მოქალაქეებს ვთხოვო, მაქსიმალურად თავი შეიკავონ სანაპირო ზოლში გადაადგილებისგან. ყველაფერი გაკეთდება, რომ დაცული იქნას როგორც ინფრასტრუქტურა, ასევე, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება," - განაცხადა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ.
ძლიერი ქარისა და შტორმის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოსახლეობას მოუწოდებს სანაპირო ზოლთან გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, მეხანძრე-მაშველები შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი გუგუჩიას განცხადებით, ადგილზე მობილიზებული არიან შესაბამისი სამსახურები და ამ დრომდე აგრძელებენ მუშაობას.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, მათ შორის საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი, საპატრულო, კრიმინალური პოლიცია ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებთან ერთად სრულად არიან მობილიზებული და ახორციელებენ სხვადასხვა პრევენციულ და სხვა ტიპის სამუშაოებს, გამომდინარე აქედან მოვუწოდებთ მოსახლეობას თავი შეიკავონ სანაპირო ზოლთან ახლოს ყოფნისაგან", - განაცხადა გიორგი გუგუჩიამ.