15 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
კონსერვატიული დაგეგმვის პირობებში, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი 86 მლრდ ლარი გამოგვივიდა. ბოლო 11-12 წელიწადში ქვეყნის ეროვნული ეკონომიკა 3-ჯერ გაიზარდა - პრემიერ-მინისტრი

მთავრობა 2024 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტს განიხილავს, რის შემდეგ დოკუმენტი პარლამენტს გადაეგზავნება. პრემიერის განცხადებით, ბიუჯეტი დაგეგმილია კონსერვატიულად, მასში ჩადებულია 5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა, შემცირებულია ბიუჯეტის დეფიციტი და ის 2,5 პროცენტს შეადგენს.  

"ბიუჯეტი დაგეგმილია კონსერვატიულად, ჩვენ ჩავდეთ 5%-იანი ეკონომიკური ზრდა. ასევე, შემცირებულია ძალიან ბიუჯეტის დეფიციტი, 2.5% იქნება დეფიციტი და შემდგომ წლებშიც გვინდა, რომ შეუნარჩუნდეს შემცირების ტენდენცია. მთავრობის ვალი 38% იქნება მშპ-სთან, რაც ასევე ძალიან დაბალია, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო სამ წელიწადში მოვახერხეთ მნიშვნელოვანი შემცირება მთავრობის ვალის და მომდევნო წლებში, მასაც შემცირების ტენდენცია ექნება.

კონსერვატიული დაგეგმვის პირობებში, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი 86 მლრდ ლარი გამოგვივიდა. კიდევ ერთხელ შევახსენებ საზოგადოებას, რომ 2012 წელს მთელი ქვეყნის ეკონომიკა დაახლოებით, 27 მლრდ ლარი იყო. ანუ ბოლო 11-12 წელიწადში ქვეყნის ეროვნული ეკონომიკა 3-ჯერ გაიზარდა - 86 მილიარდი ლარია და დოლარში 8 500 დოლარს გადააჭარბებს უკვე, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით პერ კაპიტა იქნება 8500 დოლარი. აქაც დოლარში გვაქვს გაორმაგება ბოლო 11 წელიწადში. ჩვენი პროგნოზით, უკვე 2027 წელს ქვეყნის ეკონომიკა იქნება 108 მილიარდი ლარი, ესეც მინიმუმ, ასეთი პროგნოზი გვაქვს ჩვენ და ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით თითქმის, 11 000 დოლარს მიაღწევს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესია ბოლო პერიოდში. ამ პარამეტრებიდან გამომდინარე, 2024 წლის საერთო, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი იქნება 28 მილიარდ 760 მილიონი ლარი, ანუ ჩვენ კიდევ გავზარდეთ, ჩვენ ამის თაობაზე მოგახსენებთ დეტალურად. იცით რომ, აღარ გავიმეორებ, ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა, ძალიან მნიშვნელოვანი, ხელშესახები ინიციატივები დავაანონსეთ და ამ პროექტებს განვახორციელებთ 2024 წელს, მათ შორის პენსიების ზრდა, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების ზრდა. 600 მილიონამდე დამატებით გავუზარდეთ განათლებას, რომელიც მოხმარდება მასწავლებლების ხელფასების ზრდას და სკოლების, ბაღების მშენებლობას. ბაღები ცალკე უნდა აღვნიშნოთ, სკოლების მშენებლობას და რეაბილიტაციას." - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

დღის ამბები