14 ოქტომბერი 2024,   21:51
ვრცლად
არსებობს პარტიის დებულება, სადაც პირდაპირ წერია, რომ მელიას გარიცხვის უფლება  აქვს ლევან ბეჟაშვილს და პეტრე ცისკარიშვილს... ამ ამოცანის შესრულებას თითქმის ერთი წელია დასტრიალებენ, ატენიან კალამს ხაბეიშვილს - მურთაზ ზოდელავა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი მურთაზ ზოდელავა მიიჩნევს, რომ ნიკა მელიას პარტიიდან გარიცხვა "მილიონერთა კლუბის" დაკვეთა იყო. მისივე თქმით, ნიკა მელიას გარიცხვის შესახებ ხელმოწერა პოლიტიკურ სიკვდილს ნიშნავდა და სწორედ ამიტომ გააკეთა ეს ლევან ხაბეიშვილმა და არა ლევან ბეჟაშვილმა და პეტრე ცისკარიშვილმა, ვისაც პარტიის დებულებით, მსგავსი გადაწყვეტილების მიღება ევალებოდათ, რადგან ისინი "მილიონერთა კლუბის" თვალში მეტი პრესტიჟით სარგებლობენ.

"როგორ შეიძლება პარტიის თავმჯდომარეს, თუ ის დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურაა, აწყობდეს გააგდოს თუ გარიცხოს პარტიიდან ადამიანი და ბირთვი, მელია და მას რომ ხმა მისცა, ის ადამიანები, თუ მათ ჰქონდათ თითქმის იმდენივე ხმა პარტიის შიგნით, რაც მიიღო მან - ეს ხომ არ შედის პარტიის ინტერესში. როგორც ჩანს, მას ჰქონდა ასეთი დაკვეთა და მან ის შეასრულა, ეს გამოვიდა საბოლოო ჯამში.

სულ ისმის კითხვა - ნამდვილად არსებობს კი "მილიონერთა კლუბი", თუ რასაც ვეძახით და აქვთ თუ არა მათ გავლენა ხაბეიშვილზე - კონკრეტულ მაგალითს მოგიყვანთ მე: არსებობს პარტიის დებულება, სადაც პირდაპირ წერია, რომ მელიას გარიცხვის უფლება აქვს ორ თანამდებობის პირს, ესენი არიან - პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი და მეორე - პეტრე ცისკარიშვილი, აღმასრულებელი მდივანი და არა პარტიის თავმჯდომარე, მასთან მხოლოდ საჩივრდება. არსებობს ეს მოცემულობა, არსებობს კლუბის ინტერესი, რომ მელია გაირიცხოს, მაგრამ გასაგებია, რომ ამგვარ ვითარებაში, თუ კალამს ხელს მოკიდებ, ის არის რადიაქტიურად დასხივებული და ადამიანი, რომელიც ამ ოპერაციას განახორციელებს, როგორც მინიმუმ, ნახევრდება პარტიის შიგნით გავლენის კუთხით.

ამ ამოცანის შესრულებას თითქმის ერთი წელია დასტრიალებენ, ატენიან ამ კალამს ხაბეიშვილს. ხაბეიშვილი ხვდება, რომ ეს არის თვითმკვლელობა, ხარაკირია. ეს ორი ადამიანი, რომელსაც ევალება ამ კალმით ოპერაციის განხორციელება, ამას არ ახორციელებს და ამას მუდმივად ატენის ხაბეიშვილს, რადგან ეს ორი ადამიანი გაცილებით უფრო გავლენიანია იმ კლუბში, ვიდრე პარტიის თავმჯდომარე. კვიპროსის კლუბში თუ მილიონერთა კლუბში ეს ორი ადამიანი სარგებლობს განუზომლად უფრო მეტი გავლენით, ვიდრე ჩვენი პატივცემული ვითომ თავმჯდომარე.

ამიტომ, ეს ამოცანა, საბოლოოდ მაინც შეასრულეს. მოვიდა ამ ეთერში და დემონსტრაციულად, არა კაბინეტში, რადგან მას ასე დემონსტრაციულად უნდა მოეწერა ხელი, რათა ის ორი ადამიანი არ დასხივებულიყო, ხელმოწერა პარტიაში ნიშნავდა, რომ ხაბეიშვილი თავს დაიძვრენდა რაღაცნაირად - მე არ მომიწერია, იმათ მოაწერესო. საჯარო ვითარებაში, კამერის წინ დააკავებინეს ეს დასხივებული, რადიაქტიური კალამი იმ ორი ადამიანის ნაცვლად, ამას მოაწერინეს ხელი, ანუ ფაქტობრივად, პოლიტიკურად მოკლეს ეს კაცი (ღმერთმა 1000 წელი აცოცხლოს), დაამთავრეს ლევან ხაბეიშვილი და დაამთავრეს იმიტომ, რომ იმ ვერტიკალში, რაზეც ამდენი ხანი ვსაუბრობთ, ის არის "პეშკა", ხოლო გენერლები არიან მისი მოადგილის მოადგილეები. ეს არის იმის დადასტურება, რომ ეს ვითარებაა,"- აცხადებს მურთაზ ზოდელავა.

დღის ამბები