ფოთის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის უკვე ყოფილი თავმჯდომარე თავისივე პარტიის ახალ მენეჯმენტს ადანაშაულებს. დარეჯან ცხვიტარია ამბობს, რომ მას და მის მოადგილეს თანამდებობები განსხვავებული აზრის გამო დაატოვებინეს. ფოთის საკრებულოს წევრების ნაწილი ლევან ხაბეიშვილის გადადგომას მოითხოვდა.
შეურაცხმყოფელი განცხადებები პარტიის თავმჯდომარის და თანაგუნდელების მიმართ, ასევე ფრაქციის სხდომების გაცდენა - ფოთის საკრებულოში, ლევან ხაბეიშვილის თანამოაზრეები, დარეჯან ცხვიტარიას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილებას ასე ხსნიან.
ფოთის მსგავსად განცხადება გაავრცელეს ახალქალაქის საკრებულოს წევრებმაც. "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის წევრთა ნაწილი პარტიის თავმჯდომარეს გადადგომისკენ მოუწოდებენ. სპეციალურად გავრცელებულ წერილში წერენ, რომ "ნაცმოძრაობის" მოქმედი თავმჯდომარის ქმედებებმა პარტიის დასუსტება გამოიწვია. ლევან ხაბეიშვილის წასვლის მომხრეები არიან პარტიის სხვა წევრებიც. ამბობენ, რომ კრიზისის მოსაგვარებლად ერთადერთი გზა დროებითი მმართველობითი ორგანოს შექმნაა.
ლევან ხაბეიშვილის გუნდის წევრები მიმდინარე პროცესებზე კომენტარს დღეს არ აკეთებენ. ერთადერთი, ვინც მცირე კომენტარი გააკეთა, სოფო ჯაფარიძეა. ამბობს, რომ შიდაპარტიული თემების სააშკარაოზე გამოტანას არ აპირებს.
"ნაციონალური მოძრაობაში" მიმდინარე მოვლენები არ უკვირთ მმართველ გუნდში. უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე პროცესები "ნაციონალურ მოძრაობას" ლიკვიდაციამდე მიიყვანს.
დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში" შიდა პარტიული არჩევნების შემდეგ დაიწყო. ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარედ მიმდინარე წლის იანვარში აირჩიეს. ამ დრომდე არ არსებობს პასუხი, გაირიცხა თუ არა პარტიიდან ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია. პარალელურად, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი ვაშაძე, პეტრე ცისკარიშვილი და გიორგი ჩალაძე დავით კეზერაშვილთან შეხვედრაზე ლონდონში იმყოფებიან.