"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავდება - ბათუმში, პარტიიდან 9 წევრის წასვლის შემდეგ, ნიკა მელიას გუნდი ელის, რომ პროცესი სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება. ყოფილი თავმჯდომარის თანამოაზრეები არ გამორიცხავენ, რომ პარტიიდან წასულმა და ხაბეიშვილთან დაპირისპირებულმა ფრთამ ახალი პარტია ან პლატფორმა შექმნას.
„ერთადერთი გზაა, რომ იმ ადამიანებს გაეცალო, ვისთანაც მუშაობა არ გამოდის. დღევანდელმა მენეჯმენტმა ყველას საჯაროდ ანახა, რომ მათთან მუშაობა არ შეიძლება და არ გამოდის. მათ უნდოდათ, რომ მხოლოდ მათი მსოფლმხედველობის ადამიანი, მხოლოდ ისინი, ვისაც არ აქვს პრობლემა არაფორმალურ მმართველობასთან დარჩენილიყვნენ პარტიაში და ეს ასეც ხდება. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, იყოს დიდი სახალხო ერთობა და ამ სახალხო ერთობას სჭირდება სახალხო მოთამაშე პოლიტიკურ სივრცეში. კირთაძისნაირი ადამიანები, ის ადამიანები - მირდატ ქამადაძე, დუმბაძე და სხვა გამოჩენილი სახეები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმში, არ არიან ქართული პოლიტიკური სივრცისთვის დასაკარგი ადამიანები,“ - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი იმედაშვილი.
ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერები მათთან კონფლიქტში მყოფ პირებს ურჩევენ, გადაწყვეტილება დროულად მიიღონ და პარტიის დაზიანება შეწყვიტონ.
"რაც შეეხება უმაღლეს "ლიდერშიპს" (ხელმძღვანელობას) - სააკაშვილს არაერთხელ განუცხადებია, რომ ის არის პოლიტიკურად პასუხისმგებელი იმაზე, რაც ხდება პარტიაში, რომ ის იღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, ის არის ლიდერი არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ - დიდი გაერთიანების. ამიტომ, სააკაშვილი იყოს დიდი კოალიციის ლიდერი, და, ამ დროს, საუბრობდე არაფორმალურ მმართველობაზე, ვფიქრობ, არასერიოზულია. პოლიტსაბჭო არის ღია, სააკაშვილი არის ამ გაერთიანების ლიდერი, ამიტომ ყველას, ვისაც უნდა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა, მოვიდეს და იმუშაოს," - აცხადებს ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრი ნიკა ობოლაძე.
მმართველი გუნდის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობის" დაშლა შეუქცევადი პროცესია.