16 ნოემბერი 2024,   01:34
ვრცლად
მთელ საქართველოს უწინასწარმეტყველებდნენ აპოკალიფსურ სცენარებს და თავად მიიღეს რეალური აპოკალიფსი საკუთარ პარტიაში - ბექა ოდიშარია ენმ-ზე

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია აცხადებს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარ პარტიაში აპოკალიფსი მიიღო.

"არ ვიცი, საიდან მოგახსენოთ, თავიდან, სააკაშვილიდან, თუ ბოლოდან, ხაბეიშვილიდან, რომლის თავის მოჭრასაც აპირებს მისივე პარტიის ნახევარი. ჩვენთვის გასაგებია, რატომაც ვერ გაართვა თავი ხაბეიშვილმა და დასაწყისშივე ნათელი იყო, რომ ადამიანი, რომელსაც არანაირი უნარ-ჩვევები არ აქვს - არც კონსტრუქციული, არც რამე უშენებია, არც რამე უკეთებია, როგორ გაუძღვებოდა ე.წ. მთავარ ოპოზიციურ ძალას. იმდენად შეაძულა თავი თავისი პარტიის წევრებს, რომ არა მხოლოდ ხაბეიშვილის გადადგომას, არამედ საერთოდ პოსტის გაუქმებას ითხოვენ. უთავოდ სიარული ურჩევნიათ, ხაბეიშვილის თავით სიარულს და მე მესმის ამ პარტიის წევრების. ამას, საერთო ჯამში, დავარქმევდი შემდეგს: რასაც დასთეს, იმას მოიმკი. მთელ საქართველოს უწინასწარმეტყველებდნენ და ხატავდნენ რაღაც აპოკალიფსურ სცენარებს და თავად მიიღეს რეალური აპოკალიფსი საკუთარ პარტიაში,"- აცხადებს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია.

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავდება. ბათუმში, პარტიიდან 9 წევრის წასვლის შემდეგ, ნიკა მელიას გუნდს აქვს მოლოდინი, რომ პროცესი სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება. ყოფილი თავმჯდომარის თანამოაზრეები არ გამორიცხავენ, რომ პარტიიდან წასულმა და ხაბეიშვილთან დაპირისპირებულმა ფრთამ, ახალი პარტია ან პლატფორმა შექმნას.

დღის ამბები