27 ივლისი 2024,   04:10
ვრცლად
მივა თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" სრულ დაშლამდე პარტიაში შექმნილი შიდა კრიზისის გამო - მმართველი გუნდის შეფასებით, ენმ-ში მიმდინარე პროცესი პოლიტიკაზე ოლიგარქის მავნე გავლენის მაგალითია

ბათუმის შემდეგ ზუგდიდი - "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" კიდევ 17 წევრი გამოაკლდა, მათ შორის, 14 საკრებულოს ფრაქციას წარმოადგენს და სხვადასხვა თანამდებობებს იკავებს. ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის უკვე ყოფილი წევრების გადაწყვეტილების მთავარი მიზეზიც ლევან ხაბეიშვილია, რომელსაც მართვის პრინციპებს უწუნებენ და ამბობენ, რომ პარტია გაერთიანების ნაცვლად, დაშალა.

ზუგდიდს რამდენიმე საათში დღეს ჭიათურაც დაემატა. საკრებულოს ფრაქციის 5-ვე წევრმა პარტიის დატოვების გადაწყვეტილება "ნაციონალურ მოძრაობაში" არაფორმალური გავლენებით ახსნა. პარტიის ყოფილი წევრები ამბობენ, რომ ლევან ხაბეიშვილმა არ გაითვალისწინა მათი არცერთი წინადადება, რაც ერთობის შენარჩუნებისთვის შესთავაზეს.

პარტიის დაშლის პროცესს დღეს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი. როგორც ექს-პრეზიდენტი წერს, არ აინტერესებს შიდა ინტრიგები და მიიჩნევს, რომ ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს. ხაბეიშვილის გუნდი კი, წასულებს საკრებულოებში მანდატების დატოვებისკენაც მოუწოდებს.

პარტია უკვე დატოვა ბათუმის რაიონული ორგანიზაციის ნაწილმაც. ყოფილი თავმჯდომარის თანამოაზრეები ამბობენ, რომ ახალ მენეჯმენტთან თანამშრომლობის ყველანაირი რესურსი ამოწურეს. ხაბეიშვილის ფრთა კი, უკვე ყოფილი თანაგუნდელების გადაწყვეტილებას იწონებს და ამბობს, რომ დამაზიანებელ განცხადებებს პარტიის დატოვება ჯობია.

მელის ფრთა დარწმუნებულია, რომ პარტიას ეტაპობრივად სხვა რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებიც დატოვებენ. "ნაციონალური მოძრაობის" დაშლაში ისინი ახალ მენეჯმენტს და არაფორმალურ მმართველს, დავით კეზერაშვილს ადანაშაულებენ.

სახელისუფლებო გუნდი დარწმუნებულია, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" შიდა დაპირისპირება დაშლამდე მიიყვანს. "ქართული ოცნებისთვის" ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე პროცესი პოლიტიკაზე ოლიგარქის მავნე გავლენის მაგალითია.

დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში" შიდა პარტიული არჩევნების შემდეგ დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

დღის ამბები