29 თებერვალი 2024,   02:05
ვრცლად
ევროპა დიდთოვლობისა და ძლიერი ყინვის შედეგებს ებრძვის - მსოფლიო ჩემპიონატზე წასული ქართული ანსამბლის 9 წევრი მიუნხენის აეროპორტში ჩარჩა

დიდთოვლობა და ყინვა ევროპაში - ინგლისის კუმბრიის ოლქში თოვლმა და ძლიერმა ქარბუქმა გზების პარალიზება გამოიწვია. სატვირთო მანქანები ამ დრომდე თოვლშია ჩარჩენილი. მოსახლეობა გზების გაწმენდას საკუთარი ძალებით ცდილობს. ინგლისის ჩრდილოეთით ათასობით ადამიანს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია. მათთვის, ვინც საკუთარი საცხოვრებლის დატოვებას ვერ ახერხებს, სპეციალური სამსახურს თბილი საკვები და სასმელი სახლში მიაქვს.

მოყინული გზების გამო გაზრდილია ავარიის შემთხვევების რიცხვი. ოლქის ათობით სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. ადგილზე საფრთხის ყვითელი დონეა გამოცხადებული.

თითქმის ნახევარ მეტრს აღწევს თოვლის საფარი გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის ზოგიერთ რაიონში. დღეს კიდევ ერთხელ დაიხურა მიუნხენის აეროპორტი, სადაც რეისების გაუქმების გამო მგზავრები სხვა აეროპორტებში გადაანაწილეს. ნაწილი კი ამ დრომდე ელოდება გამგზავრებას, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეები. საერთაშორისო კონკურსზე წასული ქართული ანსამბლის 9 წევრი მიუნხენის აეროპორტში დარჩა. "კურიერთან" საუბრის დროს სტუდია "ვარსკვლავების" ხელმძღვანელმა, თეა წიკლაურმა თქვა, რომ ჯერ კიდევ არ იციან როდის შეძლებენ გამგზავრებას.

დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში ადამიანები სახლიდან გასვლას ვერ ახერხებენ. შეზღუდულად მუშაობს რკინიგზა. ავსტრიაში გერმანიის საზღვართან ახლოს მდებარე რაიონებში დიდთოვლობის გამო ელექტროგადამცემი ხაზებიც დაზიანდა.

ელექტროენერგია არ მიეწოდება ჩეხეთის ნაწილსაც. დროებით დაიხურა შოტლანდიის გლაზგოს აეროპორტი. სინოპტიკოსები მომდევნო 24 საათის განმავლობაში ტემპერატურის მკვეთრ ვარდნას პროგნოზირებენ. ევროპაში დიდთოვლობა და ყინვა კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება.
 

დღის ამბები