27 ივლისი 2024,   04:47
ვრცლად
აშშ-ის სენატში უკრაინის დახმარების 61 მილიარდიან პაკეტს კენჭს ხვალ უყრიან - ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთთან ბრძოლისთვის დახმარებას ითხოვს

უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი უკვე 559 დღეა მიმდინარეობს. უკვე მეორე დღეა რუსული სარაკეტო ტერორის სამიზნეა ქალაქი ხერსონი, სადაც გუშინ რუსული რაკეტა ავტობუსის გაჩერებას მოხვდა, დღეს კი ქალაქის ცენტრალურ ნაწილს და 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

კიევი ოკუპანტისთვის საპასუხო დარტყმების მიყენებას საომარი მოქმედებების ზურგში ანექსირებულ ყირიმში ცდილობს. მოსკოვი ირწმუნება, რომ მთელი ღამის განმავლობაში ნახევარკუნძულზე უკრაინულ დრონებს იგერიებდა. განგაშის გამო მთელი ღამის განმავლობაში დაკეტილი იყო ყირიმთან დამაკავშირებელი ხიდი.

ბოლო რამდენიმე კვირაა უკრაინული არმიის კონტრშეტევები შეჩერებულია, მიზეზი კი საარტილერიო ჭურვების, რაკეტებისა და სხვა საბრძოლო ამუნიციის ნაკლებობაა. იგვიანებს ამერიკული დახმარებაც, მიზეზი კი კონგრესია, რომელიც არ ეთანხმება ერთ სამხედრო პაკეტში უკრაინისა და ისრაელის მოქცევას.

ჯო ბაიდენმა წარმომადგენელთა პალატისა და სენატის ლიდერებს წერილიც მისწერა და სთხოვა, სასწრაფო წესით დაამტკიცონ უკრაინის დახმარების პაკეტი. წერილში ბაიდენის ადმინისტრაციის ბიუჯეტისა და მართვის უფროსი კანონმდებლებს აფრთხილებს, რომ წლის ბოლოს შტატებს უკრაინაში გასაგზავნი იარაღისთვის თანხა ამოეწურება, რაც კიევს ბრძოლის ველზე მუხლებზე დააყენებს.

აშშ-ის სენატში პაკეტს, საიდანაც უკრაინის დახმარებისთვის 61 მილიარდი ამერიკული დოლარი უნდა გამოიყოს, კენჭს ხვალ უყრიან. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი სენატორებს დახურულ ბრიფინგზე, ვიდეოკონფერენციის საშუალებით კენჭისყრამდე მიმართავს და ქვეყნისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის მიწოდების საჭიროების შესახებ მიაწვდის ცნობებს. ამერიკის სენატამდე კი ვოლოდიმირ ზელენსკი ღია მიმართვას სხვა სტრატეგიულ ქვეყნებს უგზავნის. უკრაინის პრეზიდენტი რუსეთთან ბრძოლისთვის ისევ დახმარებას ითხოვს.

დახმარება კი, რომელსაც უკრაინა უახლოეს მომავალში ნამდვილად მიიღებს, საარტილერიო საბრძოლო მასალებია. ომში მყოფ ქვეყანას დახმარებას ფინეთი დაჰპირდა.

 

დღის ამბები