21 დეკემბერი 2024,   18:35
ვრცლად
ევროპის კონტინენტი დიდთოვლობისა და ძლიერი ყინვის შედეგებთან გამკლავებას ცდილობს  

ასობით ავტოსაგზაო შემთხვევა, ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა და პარალიზებული სატრანსპორტო მოძრაობა - ევროპის კონტინენტი უკვე მეხუთე დღეა, დიდთოვლობასა და ძლიერი ყინვის შედეგებთან გამკლავებას ცდილობს. უამინდობის გამო, ბავარიის რეგიონში საჰაერო მიმოსვლა ნაწილობრივ აღდგა, თუმცა აეროპორტი მგზავრების სრულფასოვნად მომსახურებას ამ დრომდე ვერ ახერხებს. შეფერხებით მუშაობს რკინიგზაც. ადგილობრივი მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს მგზავრობისგან თავი შეიკავონ.

მიუნხენის აეროპორტში პარასკევამდე დახურული იქნება საშობაო ბაზრობა. დიდთოვლობით დაზარალებულ ადგილებში მოსახლეობას ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება. ყინვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა.
 
უამინდობამ პრობლემები შექმნა იტალიაშიც. დიდთოვლობას ებრძვის ქვეყნის ჩრდილო დასავლეთი ნაწილი. ქალაქ აოსტაში სატრანსპორტო მოძრაობა პარალიზებულია. ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციისთვის საგანგებო სამსახური გზების თოვლის საფარისგან გაწმენდას ცდილობს.

რკინიგზა შეზღუდულად მუშაობს შვეიცარიაშიც. ელექტროენერგია არ მიეწოდება ავსტრიის ნაწილს. ორივე ქვეყანა მოსახლეობას ზვავის საშიშროების გამო სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

სატრანსპორტო გადაადგილება შეზღუდულია ინგლისშიც, სადაც საფრთხის ყვითელი დონეა გამოცხადებული. ქვეყნის ჩრდილოეთით ელექტროენერგია მოსახლეობას შეზღუდულად მიეწოდება. დახურულია სკოლები და ბიზნეს ობიექტები.

 

დღის ამბები