28 თებერვალი 2024,   13:19
ვრცლად
ვითარება ახლო აღმოსავლეთში - ისრაელის ქალაქების მისამართით "ჰამასი" რაკეტებს ამ დრომდე ისვრის და მუქარის ტონს არ ცვლის

ღაზას სექტორში "ჰამასის" წევრთა სულ უფრო დიდი ნაწილი ბრძოლას დანებებას არჩევს. სიცოცხლის შენარჩუნების სანაცვლოდ ისინი იარაღს ყრიან და "ცახალის" წარმომადგენლებს ბარდებიან. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მსგავსი სურათი ანკლავში უკვე საკმაოდ ხშირია.

ტერორისტული ორგანიზაციის წევრთა მეორე ნაწილი ბრძოლას არ წყვეტს. ისრაელის ქალაქების მისამართით "ჰამასი" რაკეტებს ამ დრომდე ისვრის. აფეთქებების ხმა ისმოდა ჰოლონში. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო 45 წლის მამაკაცმა. რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდო "რკინის გუმბათმა" გუშდანის თავზე.

ისრაელის ტერიტორიის დაბომბვის პარალელურად, "ჰამასი" მუქარის ტონს არ ცვლის. დაჯგუფების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ "ცახალის" მხრიდან აგრესიის გაგრძელების შემთხვევაში, ვერც ერთი მძევალი ვერ დატოვებს ტერიტორიას ცოცხალი.

მუქარას გმობს, მაგრამ ღაზას სექტორში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებების დაცვას ითხოვს ოლაფ შოლცი. პარალელურად, გერმანიის კანცლერმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ორი სახელმწიფოს აუცილებლობაზე.

მშვიდობამდე ჯერ კიდევ შორი გზაა. ღაზას სექტორის პარალელურად, ისრაელის ავიაცია ლიბანში, "ჰესბოლას" პოზიციებს უტევს, სადაც უკანასკნელი მონაცემებით, 100-ზე მეტი მებრძოლია ლიკვიდირებული. მსოფლიო ლიდერები კი კონფლიქტის დეესკალაციას კვლავ უშედეგოდ ცდილობენ.

ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებას სამშაბათს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე განიხილავენ. გაერთიანებული ერების ორგანიზაციას სიტუაციის განმუხტვის ერთი წარუმატებელი მცდელობა უკვე ჰქონდა. ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის რეზოლუციას შეერთებულმა შტატებმა ვეტო დაადო.

 

 

დღის ამბები