11 ოქტომბერი 2024,   22:00
ვრცლად
დარწმუნებული ვარ გავა წლები და ეს ადამიანი მიხვდება, რომ ასეთი ცინიზმი ქართველი პოლიციელის მიმართ არის წარმოუდგენელი და უპატიებელი - მამუკა მდინარაძე ლაზარე გრიგორიადისზე

დარწმუნებული ვარ, სასჯელს მოიხდის, თუ მიუსჯის სასამართლო, გავა წლები და ეს ადამიანიც კი გონზე მოვა და მიხვდება, რომ ასეთი ცინიზმი ქართველი პოლიციელის მიმართ არის წარმოუდგენელი და უპატიებელი - ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, რომელიც შეეხებოდა ლაზარე გრიგორიადისის განცხადებას, იმის შესახებ, რომ "არაფერს ნანობს".

მამუკა მდინარაძის თქმით, ლაზარე გრიგორიადისის საქციელი მხოლოდ მისი ბრალი არ არის, ის გარკვეულმა პოლიტიკოსებმა წააქეზეს დანაშაულის ჩასადენად.

"ბრალდებულს რაც უთქვამს ეს არის აღიარებასთან ერთად უკიდურესი ცინიზმი. ზოგადად ბრალის შემამსუბუქებელი გარემოებაა გულწრფელი აღიარება და მონანიება, მაგრამ როდესაც ცინიკურად უყურებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს და ასე ცინიკური განცხადებებით გამოდის, ეს არის ბრალის დამამძიმებელი გარემოება. თუმცა, იურიდიული შეფასება ჩვენ არ შეგვიძლია, მხოლოდ პოლიტიკურ დონეზე შეიძლება შევაფასოთ უკიდურესი ცინიზმი. თან მისი ბრალი კი არ არის მარტო, ეს ახალგაზრდა ადამიანი წააქეზეს ამ დანაშაულის ჩასადენად. არსებობენ სხვა ადამიანები, უკვე შემდგარ პოლიტიკოსებს რომ უწოდებენ თავის თავს, რომლებიც აქეზებენ, ამართლებენ. მოლოტოვის კოქტეილები რაღაც ბანერებზეც კი დახატეს, დაასურათეს და მიდიოდა ამის გამართლება, შესაბამისად ეს ადამიანიც ამ ნარატივზე გადაერთო და მივიღეთ მოლოტოვის კოქტეილის სროლა, პოლიციელის დაწვის მცდელობა და შემდეგ ამასთან დაკავშირებული ამის ავტორის მიერ ცინიკური დამოკიდებულება. რაც უკიდურესად დამაზიანებელი და სამწუხაროა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები