13 ნოემბერი 2026,   12:17
ვრცლად
დაკავშირებადობის საკითხში საქართველოს როლის დაკნინების მცდელობა წვრილმანი შურისძიებაა, რომელიც ბრიუსელის ბიუროკრატიას ახასიათებს - შალვა პაპუაშვილი

"რაც შეეხება დაკავშირებადობის საკითხში საქართველოს როლის დაკნინების მცდელობას, ესეც არის წვრილმანი შურისძიება, რომელიც ბრიუსელის ბიუროკრატიას ახასიათებს", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა და განმარტა, რომ მსგავსი ქმედებებით ევროკავშირი საქართველოს ნაცვლად, საკუთარ თავს აზიანებს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირთან ერთად, საქართველოს დაზიანების მცდელობებში პირდაპირ არის ჩართული საელჩოც, რომელსაც პაველ ჰერჩინსკი ხელმძღვანელობს.

"რაც შეეხება დაკავშირებადობის საკითხში საქართველოს როლის დაკნინების მცდელობას, ესეც არის წვრილმანი შურისძიება, რომელიც ბრიუსელის ბიუროკრატიას ახასიათებს და არ ვიცი, საბოლოო ჯამში ყველაზე პარადოქსული ის არის, თვითონ აგებენ ამ წვრილმანი რაღაც ბწკენებით და წვრილმანი შურისძიებებით, რასაც დაისახავენ ხოლმე მიზნად.

ბოლოს დამარცხებულები თვითონ არიან, თვითონ ზიანდებიან, თვითონ ზარალდებიან. ეკონომიკურადაც თვითონ ზიანდებიან, პოლიტიკურადაც. საქართველო ეკონომიკურადაც წინ მიდის და პოლიტიკურადაც ძლიერდება. ასე რომ, არ ვიცი ახლა, უბრალოდ საკუთარი მცდარი გამოცდილებიდან მაინც ხომ უნდა ისწავლონ რაღაცა და ისე იმოქმედონ.

რაც შეეხება ასეთ გადაწყვეტილებას, სწორედ ეს არის ის გადაწყვეტილებები, რომლებიც ადასტურებს, რომ დღეს ევროკავშირი გადართული არის საქართველოს დაზიანების კურსზე. ეს პირდაპირ ჩანს, რომ ეს არის ნათელი გეგმა, რომ საქართველო დაზიანდეს, საქართველო და ქართველი ხალხი დაზიანდეს პოლიტიკურად, დაზიანდეს ეკონომიკურად, დაზიანდეს სოციალურად. ყველა ამ მიმართულებაში ჩვენ ვხედავთ ევროკავშირი, მისი საელჩო, პირდაპირ არის ჩართული საქართველოს დაზიანების გეგმის განხორციელებაში და ამიტომაც არის, რომ მე მოვუწოდე არაერთხელ და ეს პირველი ნაბიჯი, რომ შემობრუნდნენ და დაგვიმტკიცონ, რომ ასე არ არის, პირველი ნაბიჯი იქნება, როდესაც ევროკავშირის ელჩი დაგმობს 2025 წლის 4 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს.

მე შეგახსენებთ, რომ ბოლოს მის პრესკონფერენციაზე ის კვლავ გაექცა ამ კითხვას და ისაუბრა ზოგადად, რომ ევროკავშირი ძალადობას გმობს. ახლა აქ ბავშვები არ ვართ და თუ ჰგონია, რომ ის ელჩად არის მივლენილი საბავშვო ბაღში, ალბათ ცდება და გადახედოს ჩვენს ისტორიას და აქ არავინ არ არის ბავშვი და მიამიტი. კიდევ ერთხელ, ჩვენ მოვითხოვთ პირდაპირ, რომ მკაფიოდ, ევროკავშირის ელჩმა, სიტყვა-სიტყვით დაგმოს 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი. ეს სიტყვები გვაინტერესებს. მანამდე, სანამ პაველ ჰერჩინკის განცხადებიდან ამ სიტყვებს არ მოვისმენთ, რომ ის გმობს 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს, მანამდე ის რჩება ამ შტურმის მხარდამჭერი, მიმჩქმალავი და ამ ძალადობის, ამ მოძალადეების მხარდამჭერი", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები