საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, გრიგორიადისი პოლიციელის ცოცხლად დაწვისთვის არის დაკავებული და ვინც მას მხარს დაუჭერს და მის გათავისუფლებას მოითხოვს, ნიშნავს, რომ ისინიც მხარს უჭერენ პოლიციელების ცოცხლად დაწვას.
მაჭარაშვილმა გრიგორიადისის შეწყალების საკითხიც შეაფასა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილისგან ყველაფერია მოსალოდნელი, თუმცა ის იმედის იტოვებს, რომ პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
"ადამიანი, რომელიც დაკავებულია პოლიციელის ცოცხლად დაწვისთვის და რომელიც ამბობს, რომ არის ამაყი, რადგან აპირებდა პოლიციელის ცოცხლად დაწვას, ვინც მის გვერდზე დადგება და იტყვის, რომ ეს ადამიანი უნდა გათავისუფლდეს, ისინიც ამბობენ, რომ არიან ამაყები, რადგან პოლიციელები ცოცხლად უნდა დაეწვათ.
რაც შეეხება ზურაბიშვილს, ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ ზურაბიშვილმა, ეს ადამიანი კი არა, ზოგადად, ისეთ ადამიანებს მიაყენა შეურაცხყოფა, ათასობით საჯარო მოხელეს, ათასობით ჯარისკაცს, რომლებმაც სისხლი და ოფლი დაღვარეს ევროინტეგრაციისთვის. მან ამათ ყველას შეაფურთხა და თქვა, რომ 2022 წლის ივნისში, ჩვენ არ ვიმსახურებდით კანდიდატის სტატუსს. ამიტომ, მისგან მოულოდნელი არაფერი არ არის, მაგრამ იმედი მაქვს, რომ საკუთარ თავს მაინც არ გაანადგურებს ასე. აქ პრეზიდენტობაზე აღარ არის საუბარი, მას პრეზიდენტად აღარავინ აღარ აღიქვამს, მაგრამ იმედია იმაზე მაინც იზრუნებს, რომ პიროვნებად დარჩეს", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.