16 ნოემბერი 2024,   02:59
ვრცლად
ტაივანიდან დაფინანსებული ორგანიზაცია, რომელიც თინა ხიდაშელს ეკუთვნის - რას აცხადებენ პირები, რომლებიც "სამოქალაქო იდეასთან" თანამშრომლობდნენ

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი და მისი ორგანიზაცია მედიასთან განმარტებებს ამ დრომდე არ აკეთებს. ხიდაშელის ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეა" ტაივანიდან ფინანსდება. ამას ადასტურებს ის დოკუმენტაცია, რომელიც თავად ხიდაშელის ორგანიზაციას საკუთარ ვებ-გვერდზე აქვს გამოქვეყნებული.

რატომ იღებს დაფინანსებას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ტაივანიდან და აღიარებს თუ არა ხიდაშელი ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას - ეს კითხვა "კურიერმა" დღეს იმ პირებს დაუსვა, ვინც სამოქალაქო იდეასთან თანამშრომლობს და მათი წევრები ან ექსპერტები არიან. მათ შორისაა დავით უსუფაშვილი, დავით ზურაბიშვილი, კახა გოგოლაშვილი და დეპუტატი თეონა აქუბარდია.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, "რეფორმების ჯგუფი" წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, ის "სამოქალაქო იდეასთან" კონკრეტული პროექტის ფარგლებში თანამშრომლობდა, ხოლო კონკრეტული ორგანიზაციის ლიდერის პირად შეხედულებებს ტაივანის აღიარებასთან დაკავშირებით, სახელმწიფოების ურთიერთობის დონეზე, დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

"სამოქალაქო იდეასთან" ჩემი თანამშრომლობა მიმდინარეობდა პროექტის ფარგლებში, უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობის ჭრილში მქონდა ონლაინ ლექციები. საქართველო არ აღიარებს ტაივანს ცალკე და ჩინეთის ერთიანობის პრინციპს აღიარებს. კონკრეტული სამოქალაქო ორგანიზაციის ლიდერი რას აღიარებს, ამას რა მნიშვნელობა აქვს, მაშინ როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ქვეყანასა და სახელმწიფოზე?! როგორ შეიძლება მე ვემხრობოდე რაიმე სხვას, როცა სახელმწიფო ინტერესები არსებობს. რაც კანონით აკრძალული არ არის, ეს ნებადართულია და თუ ეს მოცემულობა სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის გამოწვევას წარმოადგენს, რა თქმა უნდა, სუს-მა უნდა დაიწყოს ამაზე მუშაობა,"- აცხადებს თეონა აქუბარდია.

პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები დაფინანსებას სხვადასხვა ფონდიდან იღებენ და ამაში უკანონო და არალეგალური არაფერია.

"ურთიერთობა მაქვს, მაგრამ წევრი არ ვარ მაგ ორგანიზაციის. არასამთავრობო ორგანიზაციები სხვადასხვა ფონდისგან იღებენ დაფინანსებას, რამდენადაც მე ვიცი. არალეგალური ამაში არაფერი არ არის. მე მგონია, ეს ყველაფერი ცნობილი იქნება და მითითებულიც, თავიანთ ვებგვერდზე რომ შეხვიდეთ, ალბათ, ნახავთ ყველაფერს,"-განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ ორგანიზაციასთან კავშირი ერთი კონკრეტული პროექტის ფარგლებში ჰქონდა და სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

"არ ვარ არც წევრი და არც პარტნიორი. მე "სამოქალაქო იდეის" პროექტში ერთხელ მივიღე მონაწილეობა, რაღაც წიგნში ერთი თავი დავწერე, ერთ პროექტში, როგორც ექსპერტი, ვიყავი მიწვეული. ეს არ ნიშნავს პარტნიორობას. საერთოდ არ მაქვს მაგ ორგანიზაციასთან არანაირი ურთიერთობა. ტყუილად მეკითხებით, აბსოლუტურად ვერაფერს გეტყვით ამ საკითხზე," - აცხადებს კახა გოგოლაშვილი.

დღის ამბები