"ხალხის ძალა" 2008 წლის ომთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხებს ითხოვს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მორიგ ვრცელ წერილში კიდევ ერთხელ ისაუბრეს თუ რატომ უნდა იყოს დეტალურად შესწავლილი ომის მიზეზები.
"ხალხის ძალაში" აცხადებენ, რომ მათი ინტერესი ყოფილი სახელისუფლებო ძალის პოლიტიკური პასუხისმგებლობის გამოკვეთაა. საზოგადოებრივი მოძრაობის წევრების განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მათივე თქმით, სააკაშვილის რეჟიმის მიერ 2008 წელს ჩადენილი დანაშაული სრულფასოვნად იქნეს გამოძიებული და შესაძლო დამნაშავეებმა კონსტიტუციის ფარგლებში და კანონის მთელი სიმკაცრით პასუხი აგონ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს აინტერესებთ, თუ დღეს არსებულ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში საქართველომ ომის საფრთხე აიცილა, რატომ ვერ მოხერხდა ეს 2008 წელს.
2008 წლის აგვისტოს მოვლენების გამოძიებას "ნაციონალურ მოძრაობაში" ეწინააღმდეგებიან. ყოფილი სახელისუფლებო პარტიის წევრების თქმით, აგვისტოს მოვლენებს საერთაშორისო ორგანიზაციების და სასამართლოების დონეზე პასუხი უკვე გაეცა და ეს საკითხი გამოძიებას აღარ საჭიროებს.
"ხალხის ძალის" დღევანდელი წერილი მხოლოდ 2008 წლის მოვლენების შესწავლას არ ეხება. ავტორებს აინტერესებთ კონკრეტული მიზეზი, რატომ საუბრობს დასავლელი პოლიტიკოსებისა და ყოფილი დიპლომატების ნაწილი იმაზე, რომ 2008 წლისგან განსხვავებით საქართველო უკრაინასთან შედარებით დაბალ საფეხურზე მყოფი სახელმწიფოა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა წერილში ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი სანქციების ჯგუფის კოორდინატორის მაიკლ მაკფოლის ბოლო ინტერვიუ გაიხსენეს და შეკითხვას პასუხი თავადვე გასცეს. "ხალხის ძალაში" დარწმუნებული არიან, რომ მაკფოლის განცხადება მინიშნება იყო, რომ 2008 წელს საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ომი ზუსტად ისევე ვერ აიცილა, როგორც ზელენსკიმ.
საპარლამენტო ოპოზიცია აგვისტოს მოვლენებზე გამოძიების დაწყებას მხარს არ უჭერს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, თუ 2008 წლის პროცესებში მაშინდელი მაღალჩინოსნების დანაშაული იკვეთება, ამაზე საზოგადოებას ინფორმაცია გაცილებით ადრეც უნდა მიეღო.
მმართველ გუნდში თვლიან, რომ აგვისტოს ომზე საქართველოს პოზიციები სამართლებრივად საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებმა გაამყარა. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ "ხალხის ძალის" ინიციატივის მიზანი პოლიტიკური და მორალური შეფასების გაკეთებაა.
პოლიტიკური განაცხადი გაკეთებულია - "ხალხის ძალა" აგვისტოს ომის მოვლენების შესწავლას 2024 წლის არჩევნების დასრულების შემდეგ ითხოვს.