16 ნოემბერი 2024,   02:54
ვრცლად
"მგონია, რომ არც საქართველო, არც უკრაინა და არც მოლდოვა არ არის მისაბაძი მაგალითი" - იაგო ხვიჩია აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის კვლევაზე

აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსზე დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით მოლდოვა ლიდერობს, უკრაინა მეორე, საქართველო კი მესამე ადგილზეა. ინდექსი 6 ქვეყნის საქმიანობას აფასებს და ადგენს მათ პროგრესს დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული ინტეგრაციისკენ.

ირკვევა, რომ კვლევის პროცესში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის გუნდმა ადგილობრივი ექსპერტების მოსაზრებები გამოიყენა.

ოპოზიციაში მიიჩნიათ, რომ უკრაინას და მოლდოვას იმ კრიტერიუმებით ჩამოვრჩებით, როგორებიც არის სასამართლო სისტემა და დემოკრატიის ინდექსი.

"თავსებადობის კუთხით იქ წერია, რომ ჩვენ არ ჩამოვრჩებით მოლდოვას და უკრაინას. ჩვენ მხოლოდ ჩამოვრჩებით სასამართლო რეფორმებით, დემოკრატიის ინდექსით, რაც მთავარია ამ სიაში. შესაბამისად, იმაში, რომ ჩვენ სასამართლო არ გვაქვს თავისუფალი და დემოკრატია რომ არ გვაქვს ბოლომდე, ვეთანხმები", - განაცხადა ენმ-ს წევრმა დავით ხაჯიშვილმა.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე კი ამბობს, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით მისაბაძი ქვეყანა არც უკრაინაა და არც მოლდოვა.

"მგონია, რომ არც საქართველო, არც უკრაინა და არც მოლდოვა არ არის მისაბაძი მაგალითი. სამი ისეთი ქვეყანა, რომელიც ყველაფერს ჩამორჩება სამყაროში ამ თვალსაზრისით და ერთმანეთს რომ ეჯიბრება, ჩემთვის არ წარამოადგენს დიდი ინტერესის საგანს. ჩვენი მისაბაძი მაგალითები დემოკრატიაში, სასამართლო და მართლმსაჯულების სისტემაში, საკუთრების უფლების დაცვაში არც უკრაინა და არც მოლდოვა არ არის. შესაბამისად, მათ ჩამოვრჩებით თუ მათზე წინ ვართ, ეს არანაირ პრინციპულ სხვაობას არ მაძლევს", - აცხადებს იაგო ხვიჩია.

დღის ამბები