01 ივლისი 2024,   13:50
ვრცლად
იმყოფებოდნენ თუ არა უკრაინელი ტყვეები რუსულ თვითმფრინავში, რომელიც, სავარაუდოდ, უკრაინამ ჩამოაგდო - რა მოხდა ბელგოროდის თავზე

მოსკოვი კიევს სამხედრო თვითმფრინავის აფეთქებასა და უკრაინელი ტყვეების მკვლელობაში ადანაშაულებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ სატვირთო ხომალდს ცეცხლი სწორედ უკრაინელმა სამხედროებმა გაუხსნეს. ოკუპანტი ქვეყნის პირველმა დიპლომატმა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის ჩატარებაც მოითხოვა.

უკრაინელი სამხედრო ტყვეები ბელგოროდის რეგიონში მოსკოვისა და კიევს შორის შეთანხმებული მომდევნო გაცვლისთვის გადაჰყავდათ. იმის ნაცვლად, რომ ეს გაცვლა მომხდარიყო, უკრაინულმა მხარემ ხარკოვის რეგიონიდან ამ თვითმფრინავზე საზენიტო სარაკეტო შეტევა განახორციელა.

ცეცხლის გახსნა უკრაინის გენშტაბმა ღამით გავრცელებულ განცხადებაში ირიბად დაადასტურა. უწყებაში თქვეს, რომ ხარკოვის ოლქზე თავდასხმისთვის მოსკოვი საჰაერო გზით საოკუპაციო ძალას საბრძოლო მასალით ამარაგებდა. დადეს პირობაც, რომ მსგავსი მიზნებისთვის განკუთვნილ ყველა თვითმფრინავს ჩამოაგდებენ. გენშტაბში არაფერი უთქვამთ უკრაინელი სამხედროების შესახებ.

მოსკოვის მტკიცებით, ბორტზე 65 ტყვე, 3 მეთვალყურე და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. თუმცა, კრემლს დაქვემდებარებული სააგენტოების მიერ გავრცელებულ კადრებში მხოლოდ 2 ცხედარი ჩანდა. სოციალურ ქსელებში დაინტერესდნენ იმითაც, თუ რატომ მიფრინავდა ილ-76 ოკუპირებული ტერიტორიიდან რუსეთში და არა - პირიქით. წინასწარი შეფასებებისგან თავს იკავებენ შეერთებულ შტატებში.

მეტი დეტალის დასადგენად, საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს ოფიციალური კიევი. უკრაინის ხელისუფლება სამხედრო ტყვეების დაღუპვის შესახებ ცნობებს ამ დრომდე არ აღიარებს. თუმცა, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მუხლი - ომის კანონისა და წესების დარღვევა.

რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი ბელგოროდის ოლქში გუშინ ჩამოვარდა. ავიაკატასტროფა კრემლში მალევე დაადასტურეს. მოსკოვი ამტკიცებს, რომ ბორტზე უკრაინელი ტყვეები იმყოფებოდნენ, რომლებიც რუს ჯარისკაცებზე უნდა გაეცვალათ.

 

დღის ამბები