16 ნოემბერი 2024,   02:37
ვრცლად
ფაქტია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" იშლება და რამდენ ჯგუფად დაიშლება, ამას დრო გვიჩვენებს - ანა ბუჩუკური გვარამიას განცხადებაზე

პოლიტიკური დისკუსიის თემაა ნიკა გვარამიას განცხადება, რომელმაც გუშინ კლინიკა "ვივამედიდან" გამოსვლის შემდეგ მედიასთან საუბარში მიანიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი მისი კონკურენტია. გვარამიამ საკუთარი პარტიის პრეზენტაცია თებერვლისთვის დაანონსა.

ოპოზიციის ნაწილი მას წარმატებებს უსურვებს.

"ამასთან დაკავშირებით ნიკა გვარამიამ უნდა გააკეთოს განმარტება ის რას გულისხმობს. მე მას მინდა ვუსურვო და ყველა ოპოზიციონერს, ჩვენს გეგმაში, რაც მე ჩამოვთვალე, ხალხისთვის რაც უნდა გაკეთდეს, ამაში ყველას წარმატებას ვუსურვებ", - აცხადებს ენმ-ს წევრი დავით ხაჯიშვილი.

ოპოზიციის მეორე ნაწილს კი, ნიკა გვარამიას "ნაცმოძრაობასთან" დისტანცირების არ სჯერა და მიიჩნევს, რომ გამოჩნდება, თუ რა ტაქტიკა ექნება მომავლისთვის შემუშვებული.

"მე მესმის რატომ შეიძლება ცდილობდეს ან შეეცადოს მომავალში, ახლა  გამოჩნდება რა ტაქტიკა ექნებათ და მომავალში რატომ შეიძლება შეეცადოს "ნაცმოძრაობისგან" დისტანცირებას, მაგრამ ჩემთვის ეს ძალიან არადამაჯერებელია და არადამაჯერებელი იქნება. ფაქტია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" იშლება და რამდენ ჯგუფად დაიშლება ამას დრო გვიჩვენებს, მაგრამ საბოლოო ჯამში გვარამია იქნება თუ ნებისმიერი სხვა მსგავსი ცნობილი პირები, რომლებიც წლების განმავლობაში, რომლებიც ფაქტობრივად იდეოლოგები და მნიშვნელოვანი გავლენიანი ადამიანები იყვნენ "ნაცმოძრაობაში", მათი მცდელობა, რომ რაღაც "არანაცური" მოთამაშის როლი მოირგონ, არა მგონია, რომ პერსპექტიული იყოს,“  - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" წევრი ანა ბუჩუკური.

დღის ამბები