28 სექტემბერი 2024,   04:29
ვრცლად
ტრაგედია ბაღდათში და 9 დაღუპული - სოფელ ნერგეეთში ადგილობრივი მოსახლეობა სამძიმარს იღებს

სოფელ ნერგეეთში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ოფიციალურად დასრულდა. ბოლო ცხედარი მაშველებმა დღეს დილით, მდინარის ნაპირთან ახლოს იპოვეს. დაღუპულია 9 ადამიანი, მათგან 3 არასრულწლოვანი. სტიქიის ზონაში მოყოლილი 10 ადამიანიდან მხოლოდ ერთი მამაკაცი გადარჩა. ის მოტეხილობებით და დაზიანებებით ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

ძებნა-გადარჩენის ოპერაციაში ჩართული იყო კინოლოგიური სამსახური, დრონები და 200-ზე მეტი მაშველი, სპეციალისტებს ეხმარებოდა მძიმე ტექნიკაც, რომელიც მიწის ფენისგან ნელ-ნელა ასუფთავებდა დამეწყრილ მონაკვეთს.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში ადგილობრივი მოსახლეობა სამძიმარს იღებს. მათ შორის არიან მეწყერში დაღუპული ბავშვების პედაგოგები. სოფლის მცხოვრებლები ტრაგედიის ადგილზე განვითარებულ მოვლენებს იხსენებენ და შედეგების დაჯერება უჭირთ.

7 თებერვლის ღამეს სტიქიის ზონაში მოვლენები სწრაფად და ტრაგიკულად განვითარდა. მიწა მთის ფერდობზე, 30 მეტრის სიმაღლიდან მოწყდა და დაახლოებით 150 000 კუბური მეტრის მოცულობის ნაშალმა მასამ 4 სახლი მოიყოლა. სტიქიის გამომწვევი შედეგების დეტალური ანალიზი და დასკვნები მოგვიანებით დაიწერება, თუმცა გეოლოგების პირველადი შეფასებით, პროვოცირება ბოლო 3 დღის განმავლობაში მოსულმა უხვმა ნალექმა გამოიწვია, რაც თვის ნორმის 50%-ზე მეტი იყო. სპეციალისტები ტერიტორიის კვლევას ამ დრომდე განაგრძობენ.

სტიქიის ზონის მახლობლად მცხოვრებ ოჯახებს, რომლებსაც დროებით ევაკუაციის რეკომენდაციას მისცემენ, მუნიციპალური სამსახური ალტერნატიულ საცხოვრებელს და ტრანსპორტირებას სთავაზობს. ნერგეეთში გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ ეტაპობრივად გაიყვანენ სპეცტექნიკას და სამაშველო ჯგუფებს. ძებნა-გადარჩენის ორდღიან ოპერაციაში, რომელიც უწყვეტად მიმდინარეობდა, 200-ზე მეტი მაშველი იყო ჩართული.

დღის ამბები