ერგნეთში მოლაპარაკებების მორიგი ეტაპი მიმდინარეობს. ამ წუთებში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, 117-ე შეხვედრა იმართება. ქართული მხარე ითხოვს ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებას, ასევე - უკანონო "ბორდერიზაციის" პროცესის შეჩერებას.
ერგნეთში ბოლო შეხვედრა გასული წლის 13 დეკემბერს ჩატარდა. ამ შემთხვევაში, მთავარი განსახილველი თემა სოფელ კირბალის სალოცავთან, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლის მიერ თამაზ გინტურის მკვლელობა იყო.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ირაკლი ანთაძე აცხადებს, რომ შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა სწორედ თამაზ გინტურის მკვლელობის საკითხი იქნება.
"ბუნებრივია, თამაზ გინტურის მკვლელობის საკითხი იქნება დღევანდელ შეხვედრაზე განხილვის საგანი, ვინაიდან, გვსურს მოვისმინოთ, რა ღონისძიებები გატარდა მკვლელების მიმართ. ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლების საკითხი და ასევე განვიხილავთ ბორდერიზაციის ფაქტებს, რომლებიც დაფიქსირდა მიმდინარე წლის განმავლობაში. მიმდინარე წელს გვქონდა ბორდერიზაციის ორი ფაქტი - ერთი გახლდათ გორის მუნიციპალიტეტში ზარდიანთკართან, მეორე - დვანის მიმდებარედ,“ - აცხადებს ირაკლი ანთაძე.