რუსეთ-უკრაინის ომი გრძელდება. ომში მყოფმა ქვეყანამ ავდიივკადან ჯარისკაცების გაყვანა დაიწყო. მიზანი ალყაში მოქცევის საშიშროების თავიდან არიდებაა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის არმიის უფროსი ავრცელებს. ჯარის ამგვარი რეორგანიზაცია ყველაზე დიდი ცვლილებაა ფრონტის ხაზზე მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარებმა გასული წლის მაისში ბახმუტი აიღეს.
როგორც გენერალი სირსკი ამბობს, მისი სტრატეგია სიტუაციის სტაბილიზაციას და რაც შეიძლება მეტი სამხედროს სიცოცხლის შენარჩუნებას ემსახურება.
"ავდიივკას მიმართულებით, უკრაინელი სამხედროები ცდილობენ მტრის შეკავებას, აქ სამხედრო ოპერაციებსა და სტრატეგიებზე პასუხისმგებელია "ტავრიას" დაჯგუფება. გასული დღის განმავლობაში, ჩვენმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს მტრის 28 შეტევა მხოლოდ ავდიივკაში, სადაც მნიშვნელოვანი დანაკარგები განვიცადეთ. დანაყოფების გეგმური გამაგრების შესახებ გადაწყვეტილება დამტკიცდა და ხორციელდები ჯარების სტრატეგიული გადაადგილება.
მთლიანად, გასული დღის განმავლობაში, 95 ბრძოლა გაიმართა. საერთო ჯამში, მტერმა განახორციელა 34 სარაკეტო და 85 საჰაერო დარტყმა ჩვენი ჯარებისა და დასახლებული პუნქტების პოზიციებზე. რუსული ტერაქტების შედეგად, სამწუხაროდ, სამოქალაქო მოსახლეობას შორის არიან დაჭრილები და დაღუპულები. ნგრევა და ზარალი განიცადა მრავალსართულიანმა და კერძო შენობებმა,"-აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის სპიკერი ანდრეი კოვალოვი.
ავდიივკას რუსები თვეების განმავლობაში ურტყამდნენ, მაგრამ მათ მხოლოდ ბოლო კვირების განმავლობაში შეძლეს პოზიციების გაძლიერება. რუსების მოწინავე ჯარების მცირე ჯგუფებმა უკვე შეძლეს ქალაქში შეღწევა. მედიის ცნობით, მათ უკრაინელი სამხედროების ნაწილი მძევლად აიყვანეს.