560 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება "პრეგაბალინი" საქართველოში უკანონოდ უცხო ქვეყნის ორმა მოქალაქემ შემოიტანა. სამართალდამცველებმა ორივე მათგანი ქვეყანაში შემოსვლის დროს დააკავეს. შედეგად, სარეალიზაციოდ გამზადებული უკანონო პრეპარატების გავრცელება ოპერატიულად აღიკვეთა.
ბრალდებულები უკვე მოინახულა ადვოკატმა. ორივე მათგანი დუმილის უფლებას იყენებს. ადვოკატის თქმით, დაკავებულთაგან ერთი ირანის, მეორე კი დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა.
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული პრეპარატები კრიმინალური პოლიციის და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმის აეროპორტში ამოიღეს. იქვე მოხდა ბრალდებულების დაკავებაც. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ქვეყანაში ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანა და გატანა, მკაცრ კონტროლს ექვემდებარება.
ფაქტზე გამოძიება ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო შეძენა-შენახვის და ქვეყანაში შემოტანის მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.