13 მაისი 2024,   15:24
ვრცლად
საბაჟოზე 216 758 ლარის ოქროს საიუველირო ნაკეთობების მალულად გადმოტანის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე, 216 758 ლარის საბაჟო ღირებულების 1 735 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობების მალულად გადმოტანას ცდილობდა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტი გამოავლინა, რაზეც დაკავებულ იქნა ერთი პირი.

გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ, საბაჟო-გამშვები პუნქტი "სადახლო საავტომობილო"-ს გავლით, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის სალონში, სპეციალურად მოწყობილი სამალავით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა 216 758 ლარის საბაჟო ღირებულების 1 735 გრამი, ოქროს საიუველირო ნაკეთობები.

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7-წლამდე ვადით", - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები