02 აპრილი 2025,   21:32
ვრცლად
მქონდა შეხვედრა აშშ-ის ელჩთან, გამოიხატა სურვილი იმასთან დაკავშირებით, რომ უმჯობესია უფრო ინტენსიური იყოს სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენს შორის - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან შეხვედრა გამართა. მისი თქმით, შეხვედრაზე გამოიხატა სურვილი, რომ უმჯობესია ორ ქვეყანას შორის უფრო ინტენსიური იყოს სტრატეგიული პარტნიორობა. 

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მხრიდან არის მაქსიმალური სურვილი, რომ გაღრმავდეს სტრატეგიული პარტნიორობა, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისე ჩინეთთან, დანარჩენი არის დამოკიდებული შესაბამის ქვეყნებზე.  

"რაც შეეხება აშშ-ს, აქ წლების მანძილზე გვქონდა გარკვეული სისუსტე, გამოვლინება იმისა, რომ თითქოს შესუსტებული იყო ინტერესი სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, რაც ჩვენთვის სამწუხარო განვითარება იყო. კონკრეტულ დეტალებშიც იყო ეს გამოხატული, მაგალითისთვის რომ ავიღოთ, უმაღლესი დონის ვიზიტები ქვეყნებს შორის არ შემდგარა უკვე არაერთი წელია, დაახლოებით 6-7 წელი იქნება. ეს გამოიხატება მათ შორის, პროტოკოლურ საკითხებშიც, მაგალითად, მილოცვები რომ ავიღოთ, დაახლოებით ალბათ უკვე მე-8 წელია, უმაღლეს დონეზე არც ერთ პრეზიდენტს თუ პრემიერ-მინისტრს არ მიუღია  მილოცვა აშშ-იდან. არის შედარებით საშუალო დონე, რა დონეზეც იგზავნება ეს მილოცვები. სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კუთხითაც არ გაქვს მაინცდამაინც კარგი ვითარება, არ გვაქვს პირდაპირი ფრენები, უვიზო მიმოსვლა - რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საჭიროებს გაუმჯობესებას.

მე დღეს მქონდა შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, მასთან მქონდა გულწრფელი საუბარი ამ ყველაფერთან დაკავშირებით. გამოიხატა სურვილი იმასთან დაკავშირებით, რომ უმჯობესია, უფრო ინტენსიური იყოს სტრატეგიული პარტნიორობა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენი მხრიდან არის მაქსიმალური სურვილი, რომ გაღრმავდეს სტრატეგიული პარტნიორობა როგორც აშშ-სთან ისე ჩინეთთან, დანარჩენი არის დამოკიდებული შესაბამის ქვეყნებზე. ურთიერთობები არის არა ცალმხრივი, არამედ ორმხრივი საკითხი, აქედან გამომდინარე, სწორედ ამ ორმხრივ ინტერესებზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ წარიმართება პროცესები სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით. ჩვენი პრიორიტეტები არის ნათელი, გვინდა როგორც აშშ-სთან ისე ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები
მეტი