სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტის "უსაფრთხოების სკოლა" მე-5 სეზონი დაიწყო. წელს პროექტში მონაწილეობას თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 29 სტუდენტი მიიღებს.
პროექტი მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, 2 კვირის განმავლობაში, ეროვნული თუ საერთაშორისო საფრთხეებისა და სხვადასხვა გამოწვის შესახებ, ინფორმაცია უშუალოდ უსაფრთხოების სფეროს პირველი პირებისა და სფეროს წამყვანი ექსპერტებისგან მიიღონ.
სტუდენტები შეისწავლიან საფრთხის შემცველ სიტუაციებში სწრაფად ორიენტირებისა და თავის დაცვის ხერხებს, გაივლიან ფიზიკური მომზადების კურსს.
"უსაფრთხოების სკოლა" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პროექტია. მისი იდეა ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავება და უსაფრთხოების საკითხებისადმი ცნობიერების ამაღლებაა. კურსის დასრულების შემდეგ, სტუდენტებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.