27 ივლისი 2024,   04:26
ვრცლად
თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკა - კახა კალაძე ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად, ავტოპარკის განახლებას ასახელებს

თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება, რის გამოც, დედაქალაქში ახალ 18 მეტრიან ავტობუსებს, დამატებით მარშრუტებზე მარტიდან დაამატებენ. უკვე შერჩეულია ოთხი ძირითადი მიმართულებაც, სადაც ყოველდღიურად 55 ათასი მგზავრი ფიქსირდება. მოქალაქეების მხრიდან ავტობუსით მგზავრობაზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, მერიამ უკვე შეიძინა 160, 18 მეტრიანი ავტობუსი, იგეგმება კიდევ 40 ერთეულის შემოყვანა. 

"კურიერის" რესპონდენტები თვლიან, რომ დედაქალაქში, ბოლო პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უფრო კომფორტული და მოხერხებული გახდა. მოქალაქეებს, განსაკუთრებით, ავტობუსისთვის გამოყოფილი სპეციალური ზოლები მოსწონთ. დანიშნულების ადგილამდე შეუფერხებლად და დროულად მიდიან. ამბობენ, რომ ტრანსპორტის რაოდენობა უფრო უნდა გაიზარდოს, რაც პიკის საათებში მოძრაობას გაამარტივებს.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის რაოდენობის გაზრდა იყო მთავარი თემა, თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. კახა კალაძემ, ქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად, სწორედ ავტოპარკის განახლებაა დაასახელა. რეფორმის ფარგლებში, დაწყებული იმ რეგულაციების შედეგების შეაჯამა, რის საფუძველზეც, პიკის საათებში ქალაქის გარკვეულ უბნებში, დიდი გაბარიტის მქონე ავტომობილებისთვის გადადგილება შეიზღუდა, რაც ქალაქის საცობებისგან განტვირთვას შეუწყობს ხელს.

სატრანსპორტო პოლიტიკა მოიცავს საკვანძო მაგისტრალების ინფრასტრუქტურულ მოწყობას. დედაქალაქში გზების 70% უკვე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ ზოლებს უკავია, გარკვეული ქუჩების და გამზირების მოწესრიგების შემდეგ კი, ავტობუსები იქაც შეუფერხებლად, დამოუკიდებელ ზოლში იმოძრავებენ.

თბილისი მერიის სატრანსპორტო პოლიტიკას დადებითად აფასებენ ექსპერტები . სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ გამოწვევების მიუხედავად, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ დაწყებული პოლიტიკის ყველა კომპონენტი, ეტაპობრივად და გეგმაზომიერად ხორციელდება.

სატრანსპორტო პოლიტიკა ტაქსების რეფორმასაც ითვალისწინებს. გასულ წლის აპრილში, 35 000-ზე მეტი A კატეგორიის ტაქსის ნებართვა გაიცა. აქედან, დაახლოებით 21 ათასი ჯერ კიდევ გააქტიურებული არ არის. ლიცენზია, რომელიც პირველ აპრილამდე არ ამოქმედდება, ავტომატურად გაუქმდება.

დღის ამბები